ფარული მოსმენები

ბოკერია მდინარაძეზე: ან უტიფრად აანონსებენ იმას, რასაც თვითონ იზამენ, ან თავს იზღვევენ

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება. მდინარაძის თქმით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ 13 ივნისს გავრცელებული მასალები "ფონის შემზადება იყო ენმ-ს მიერ ჩანაწერების, ფაბრიკაციის გავრცელებისთვის". 

"ან საქმე გვაქვს მორიგ ჯერზე უტიფრად წინასწარ დაანონსებასთან იმისი, რასაც თვითონ იზამენ - პუტინისტური პროპაგანდის მსგავსად, როდესაც სხვებს, მსხვერპლს აბრალებ იმას, რასაც შენ თვითონ იზამ, ან, შეიძლება, ადგილი აქვს თავის დაზღვევას, რომ მათივე რიგებიდან გაჟონილია ინფორმაცია, რომელიც გვაჩვენებს რეალურ სურათს". - ამბობს გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველთან საუბარში. 

მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მომდევნო დღეებში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების ინტერნეტში ატვირთვას აპირებს. 

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში, ნაციონალური მოძრაობის მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.

ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას. ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ბოლშევიკური აზროვნების მქონე ადამიანებს შეიძლება თავში აზრად მოუვიდეთ მათი გავრცელება". – თქვა მდინარაძემ.  

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები