ფარული მოსმენა

კობახიძე: მომავალ კადრებთან დაკავშირებით გვარამია და ტრაპაიძე საქმის კურსში არიან

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას და TV პირველის ტელეწამყვანს დიანა ტრაპაიძეს "გარყვნილი ადამიანები" უწოდა. 

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ფარული ჩანაწერების გავრცელებას აპირებს და ამის შესახებ ინფორმაცია "მათ პარტიულ ტელევიზიებს აქვთ". 

"მოგეხსენებათ ჩავატარეთ ბრიფინგი ამასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი და ამის შემდეგ ორმა წარმომადგენელმა პარტიული ტელევიზიების, ნიკა გვარამიამ და დიანა ტრაპაიძემ გაავრცელეს გარკვეული განცხადებები, სადაც ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მთლიანად არიან საქმის კურსში იმ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გავრცელდეს ნაციონალური მოძრაობის მიერ და იქმნიან ალიბის ამასთან დაკავშირებით. ეს მათ არ გაუვათ, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება მათ გასცემს საკადრის პასუხს. ის ყველაფერი არის, რაც ჩვენ ვიცით, აბსოლუტურად შოკისმომგვრელი და მხოლოდ და მხოლოდ ბოლშევიკს შეიძლება მოუვიდეს აზრად, ისეთი ჩანაწერების გავრცელება, რომელზეც მათ აქვთ საუბარი. ის მესიჯები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გვარამიას და დიანა ტრაპაიძის მხრიდან პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ორ გარყვნილ ადამიანს პირდაპირი ინფორმაცია აქვს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც არის ნაცმოძრაობის მხრიდან დაგეგმილი".- თქვა კობახიძემ. 

კობახიძეს გამოეხმაურა ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე და აღნიშნა, რომ "მაყურებლისადმი პატივისცემის ნიშნად უპასუხოდ დავტოვებს". მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია კი ამბობს, რომ თუ ვინმეს ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება სურს, ეს ქართული ოცნებაა. 

"ბატონო კობახიძე ნუ იკანკალებთ და ისტერიკაში ნუ ვარდებით. არავინ არასდროს ამ ტელეკომპანიაში თუ დარწმუნებული ვარ სხვაგანაც ასეთი ამორალურები არ არიან, რომ ეს იკადრონ".- თქვა გვარამიამ. 

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალების გავრცელება ფონის შემზადება იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მომდევნო დღეებში პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერებისა და მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის. 


13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები