ტერორიზმი

ალ-კაიდას ლიდერის ახალი ჩანაწერი 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლის თავზე გავრცელდა

აიმან ალ-ზავაჰირი 2021 წლის 11 სექტემბერს გავრცელებული ვიდეოდან

11 სექტემბერს, 9/11-ის ტერაქტებიდან 20 წლის თავზე გავრცელდა ერთსაათიანი ვიდეო, რომელშიც ალ-კაიდას ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი ჩანს. დაზუსტებული არაა არის თუ არა ვიდეოჩანაწერი ახალი. აქამდე გავრცელდა ხმები, რომ ალ-ზავაჰირი მკვდარი იყო. 

ალ-ზავაჰირი ჩანაწერში ამბობს, რომ "იერუსალიმი არასდროს იქნება იუდაიზირებული" (ანუ ებრაელთა ბატონობის ქვეშ), ასევე, პატივი მიაგო ალ-კაიდას ტერაქტებს, მათ შორის იანვარში, სირიაში რუსეთის სამხედროებზე განხორვიელებულ თავდასხმას. მან ახსენა აშშ-ს მიერ ავღანეთის 20-წლიანი კონფლიქტის შემდეგ დატოვებას. 

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია SITE-ის დაზვერვის ჯგუფის თქმით, ვიდეო შესაძლოა არ იყოს ახალი ჩაწერილი. ამერიკის მიერ ავღანეთის დატოვება ჯერ კიდევ 2020 წელს გადაწყდა, ვიდეომიმართვაში კი ალ-ზავაჰირი არაფერს ამბობს ისეთ მნიშვნელოვან ფაქტზე, როგორიცაა თალიბანის მიერ ქაბულის დაკავება.

მიუხედავად ამისა, ვიდეოში ნახსენებ დეტალებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ის პირველი იანვრის შემდეგ არის ჩაწერილი. 1-ელ იანვარს ალ-კაიდას ტერაქტის სამიზნეები გახდნენ რუსი სამხედროები ჩრდილოეთ სირიაში, ქალაქ რაქაში. ალ-ზავაჰირი სწორედ ამ ფაქტს ახსენებს და ადიდებს.

2020 წლის მეორე ნახევარში გავრცელდა ხმები, რომ ალ-ზავაჰირი ავადმყოფობის შედეგად მოკვდა. ამის შემდეგ მისი სიცოცხლის დაბადასტურებელი არანაირი მასალა აქამდე არ გავრცელებულა. 

"ის შეიძლება მკვდარია, თუმცა, თუ ასეა, 2021 წლის იანვარში ან იანვრის შემდეგ შეიძლება მომკვდარიყო", – წერს SITE-ის დირექტორი, რიტა კაცი Twitter-ზე. 

ეგვიპტელი ალ-ზავაჰირი ალ-კაიდას ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წელს დაჯგუფების წინა ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი ამერიკულმა ძალებმა პაკისტანში, აბოტაბადში მოკლეს. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის უკან სწორედ ალ-კაიდა იდგა.

კომენტარები