რუსეთი-ბელარუსი

ბელარუსი რუსეთისგან 1 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას შეიძენს

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკოს ცნობით, ბელარუსი გეგმავს რუსეთისგან 1 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება შეიძინოს. 

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვგეგმავთ C-400-ების ჩამოტანას. [9 სექტემბერს მოსკოვში მოლაპარაკებებზე] ვლადიმირ პუტინთან ერთად ძალიან ბევრი ყურადღება დავუთმეთ თავდაცვის და უშიშროების საკითხებს" - თქვა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

პირველ სექტემბერს ლუკაშენკო ამბობდა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი ბელარუსს ათობით თვითმფრინავს, ვერტმფრენს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და ასევე, შესაძლოა, C-400-ის საზენიტო სარაკეტო სისტემებს მიაწვდის. 12 სექტემბერს ლუკაშენკომ დააზუსტა, რომ რუსეთი შეიარაღებას ბელარუსს 2025 წლამდე მიაწვდის.

9 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვში მოლაპარაკებები გამართეს და 28 სამოკავშირეო პროგრამა შეათანხმეს, რომლებიც რუსეთის და ბელარუსის ინტეგრაციისთვისაა გამიზნული. სამოკავშირეო შეთანხმებების დეტალები არ საჯაროვდება.

ბელარუსი რუსეთის უმსხვილესი მოვალეა. მსოფლიოს ბანკის მონაცემებით 2019 წლის ბოლოსთვის ბელარუსს რუსეთის ვალი 8.1 მილიარდი დოლარი ჰქონდა.

კომენტარები