რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, 12 დეკემბერს მინსკში რუსეთი და ბელარუსი უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმებას დადებენ.
ამის შესახებ მან რუსეთისა და ბელარუსი საკავშირო სახელმწიფოს უმაღლეს სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
"ის (რედ. - შეთანხმება) განსაზღვრავს ორმხრივ სამოკავშირეო ვალდებულებებს თავდაცვის, რუსეთისა და ბელარუსის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციური წყობის დაცვის, ტერიტორიათა მთლიანობისა და ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის მხრივ, მათ შორის, ყველა არსებული ძალისა და საშუალების ამოქმედებასთან ერთად". - თქვა პუტინმა.
ამასთან, პუტინმა თქვა, რომ შეთანხმება მოიცავს ასევე ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების საკითხსაც მოიცავს. მისივე თქმით, მასობრივი განადგურების იარაღის მეშვეობით თავდასხმის საპასუხოდ ან ჩვეულებრივი იარაღის მეშვეობით ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის კრიტიკული საფრთხის შემქმნელი აგრესიის მოგერიების მიზნით ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა გაწერილია პუტინის 19 ნოემბრის განკარგულებაში.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფციისა და ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ბელარუსი და რუსეთი სტრატეგიული თანამშრომლობისა და საომარ სფეროში ქმედებათა კოორდინაციის უპრეცედენტო დონეს მიაღწევენ.
"ამ შეთანხმების გაფორმების მხოლოდ განზრახვამაც კი ზედმეტად ააღელვა ჩვენი დასავლელი პარტნიორები. თუმცა, ეს, ალბათ, ცუდი არ არის. მათ ეს შეამჩნიეს". - თქვა ლუკაშენკომ.
მანამდე, ლუკაშენკოს თქმით, პუტინს ეხუმრა, რომ მზად არის ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული შესაძლებლობის მქონე ორეშნიკის ტიპის კონტინენტთაშორისი რაკეტების განსათავსებლად.
21 ნოემბერს უკრაინა გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც კონტინენტთაშორისი რაკეტით იერიში მიიტანეს. სამიზნე ქალაქ დნეპრში მდებარე საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი 2023 წლიდან არის განთავსებული. ამ საკითხზე მინსკი და მოსკოვი 2023 წლის 25 მარტს შეთანხმდნენ.





