რუსეთი-ბელარუსი

რუსეთს ბელარუსში დრონების საწარმოს მშენებლობა სურს

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, მაქსიმ ორეშკინის თქმით, რუსეთმა შესაძლოა ბელარუსში დრონების საწარმო ააშენოს, რომელიც წლიურად 100.000 უპილოტო საფრენი აპარატის ერთეულს დაამზადებს.

ამასთან დაკავშირებით ორეშკინმა მინსკში, რუსული უპილოტო საფრენი აპარატების გამოფენის ვიზიტის დროს ისაუბრა. გამოფენას ასევე ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკოც ესწრებოდა.

"საკითხი ეხება ყველა ძირითადი კომპონენტის წარმოების შექმნას [...] საუბარია რუსეთში არსებული ტექნოლოგიური მიღწევებისა და გადაწყვეტილებების გამოყენება" - თქვა ორეშკინმა.

მისი თქმით, რუსეთის "საბაზო წინადადება" ერთი წლის ვადაში ისეთი ქარხნის აშენებას გულისხმობს, რომელიც სრულად ლოკალიზებული იქნება ბელარუსში, მაგრამ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში არსებულ საწარმოებთან ერთიან ტექნოლოგიურ პლატფორმაზე იმუშავებს.

"ახლა ბელარუს კოლეგებთან ვიმსჯელებთ ადგილმდებარეობაზე, წარმოების ტიპზე და სხვა დეტალებზე. ამ პარამეტრების შეთანხმებას გარკვეული დრო დასჭირდება" - თქვა ორეშკინმა.

ალექსანდრ ლუკაშენკომ ამ წინადადებას მხარი დაუჭირა და წინადადებას ბელარუსისთვის "ძალიან დიდი პერსპექტივა" უწოდა. 

"ჩვენ მზად ვართ, ავაშენოთ ქარხანა. გარანტიას გაძლევთ – რუსეთში ისე ვერ ააშენებთ, როგორც აქ" - თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.

კომენტარები