არჩევნები 2021

ბიბილაშვილი: ხალხი ბიუჯეტში იხდის თანხას, ის კი მხოლოდ ცენტრალური ქუჩების მოწყობას ხმარდება

ვუსმენდით პრემიერმინისტრს როგორ იწონებდა თავს გზების მოწყობით და ითვლიდა, თუ რამდენი კილომეტრი გზა დააგო მისმა მთავრობამ, თუმცა, როგორც ჩანს, მან განგებ გამოტოვა რამდენიმე ქუჩა. თბილისში ჩვენ თვალწინ რამდენიმე ქუჩაზე გზის არქონის გამო გადაადგილება შეუძლებელია. მაცხოვრებლები თავიანთ სახლებთან ვერ მოდიან ტრანსპორტით, გადაადგილება უჭირს სასწრაფო დახმარების მანქანებსაც. თითქოს ეს უბნები არ ითვლება ქალაქის ნაწილად და აქ არ უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურა. არ არის სანიაღვრე სისტემა, არ არის ტროტუარები. თბილისი არ არის მხოლოდ რამდენიმე ცენტრალური ქუჩა, ეს ქალაქი არის ყველასი, ვინც აქ ცხოვრობს და თანაბარ პირობებში ყოფნას იმსახურებენ. სამწუხაროდ, ქალაქის მმართველობა ადამიანებს არ პასუხობს. არც ეს ქუჩები მიაჩნიათ ქალაქის ნაწილად და დღის წესრიგში არსებული პრობლემების მოგვარებაც არ დგას. 

ჩვენი ამოცანაა ყველა ქუჩაზე მივიდეთ, ყველა ადამიანს მოვუსმინოთ და მათი გასაჭირი გავიაროთ. თბილისი უნდა ვაქციოთ ქალაქად რომელიც იქნება ყველა ადამიანის. ხალხი ბიუჯეტში იხდის თანხას, ბიუჯეტი კი მხოლოდ ცენტრალური ქუჩების ფასადურ მოწყობას ხმარდება.

თქვა თბილისში ლელოს მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა ნაძალადევის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

კომენტარები