საკონსტიტუციო ცვლილებები

"როგორც ჩანს, არასწორი კონსულტაციები გაუწიეს" – კობახიძე EU-სა და აშშ-ს ელჩებზე

Irakli Kobakhidze / Facebook

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების დღის წესრიგიდან გენერალური პროკურორის არჩევის წესის საკითხის მოხსნის შესახებ საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, ელჩები თვითონ ვერ გააანალიზებდნენ სამართლევრივ ნორმებს და მათ არასწორი კონსულტაცია გაუწიეს.

"ძალიან სამწუხაროა ორივე განცხადება სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთი, იმის გამო, რომ როდესაც აშკარა სამართლებრივ ნონსენსთან გვაქვს საქმე, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება ყველა მხრიდან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს, რასაც მე ვსაუბრობ, სამართლებრივი კუთხით, ორჯერ ორი ოთხია, რომ ეს ნორმა აფუჭებდა რეგულაციას, ანუ რაც გვაქვს დღეს, იმას აუარესებდა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არასწორი კონსულტაციები გაუწიეს ორივე საელჩოს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენ ყოველთვის ღია ვართ შეხვედრისთვის, ეს არის არასწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგი, ბუნებრივია, ელჩები თვითონ ვერ გააანალიზებენ სამართლებრივ ნორმებს, მათ სჭირდებათ სწორი კონსულტანტები, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ეს სწორი კონსულტაცია არ გაეწიათ". – თქვა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში სხვა პუნქტებთან ერთად ასევე უნდა ასახულიყო გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, რაც ევროკავშირის მედიაციით შემდგარი 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია, თუმცა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "რადგან წარმოდგენილი ცვლილება ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს და ვერც ოპოზიციამ წარმოადგინა მისი მიღების არგუმენტები, შესაბამისად, კანონპროექტის მე-13 პუნქტის კენჭისყრა დღის წესრიგიდან მოიხსნა".

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უარყოფითად შეაფასა გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილების საკონსტიტუციო კანონპროექტის დღის წესრიგიდან მოხსნა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნისთვის მესამე წარუმატებლობაა ბოლო ორი თვის განმავლობაში. საქართველოში აშშ-ს საელჩომ კი ფაქტს ქართული ოცნების მიერ გატეხილი კიდევ ერთი პირობა უწოდა.


ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, რომელიც 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა, გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო უნდა ყოფილიყო პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დანიშვნები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:

  • პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება;
  • ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან;
  • არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

კომენტარები