თვითმმართველობის არჩევნები 2021

ჯაფარიძე სააკაშვილზე: ივანიშვილის ელექტორატის მობილიზებას უწყობს ხელს, ლატარიის დროა ახლა?

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ საქართველოში ჩამოსვლას, Facebook-ზე ეხმაურება. 

ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნებას ვერავინ დაუშლის, თუმცა აღნიშნავს, რომ დაპირება "ივანიშვილის ელექტორატის მობილიზებას გამოიწვევს". 

"როდესაც გესმის რომ შენ არ ხარ ერთი რიგითი მოქალაქე და შენი არათუ დაბრუნება, არამედ დაბრუნების დაპირებაც კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკურ განწყობებზე. როდესაც გესმის რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ივანიშვილი შენ გიყენებდა საფრთხობელად და ყოველი არჩევნების წინ ამ საფრთხობელათი დაამობილიზა საკუთარი ამომრჩეველი. როდესაც გესმის და თუ მართლა გჯერა რომ ეს არჩევნები მართლა კრიტიკულია ქვეყნისთვის და მართლა გადარჩენა-რუსეთში დაბრუნების საკითხი წყდება

როდესაც გესმის რომ ამ არჩევნებზე პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება და შენი დაბრუნების მორიგი დაპირება მინიმუმ ივანიშვილის ელექტორატის მობილიზებას უფრო უწყობს ხელს. როდესაც როგორც მინიმუმ სახეზე გაქვს გასული წლების გამოცდილება და არავინ იცის ზუსტად ახლა დაბრუნების დაპირება რა გავლენას იქონიებს ამომრჩევლების განწყობებზე.

ასეთ კრიტიკულ დროს, როცა ცოტაც და დასავლეთი დიდი ხნით ხელს ჩაიქნევს ამ ქვეყანაზე.

როცა ეს ყველაფერი გესმის და მაინც იგივეს აკეთებ რაც თითქმის ყველა არჩევნების წინ გააკეთე - გამოდიხარ მორიგი დაბრუნების დაპირებით.

სულ მინიმუმ ლატარიას თამაშობ, სულ მინიმუმ და ლატარიის დროა ახლა? თუ მართლა გააზრებული გაქვს რა შეიძლება დაგვემართოს თუ ივანიშვილი ჩაბეტონდა ოქტომბერში? ჩამოსვლა რომ რთული ნაბიჯია გასაგებია, მაგრამ თუ ჩამოსვლას წყვეტ, ჩამოსვლა შეიძლებოდა იანვარშიც, მარტშიც, ივნისშიც, შარშანაც და შარშანწინაც". - წერს ზურა ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ ყველა შეთანხმება ძალაშია, რომელიც არსებობს გირჩი - მეტ თავისუფლებას, ნაციონალურ მოძრაობასა და სხვა პარტიებს შორის. 

კომენტარები