არჩევნები 2021

სააკაშვილი: პირადად მე ჩავალ არჩევნებზე საქართველოში

"მე მინდა ვთქვა, რომ პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში". - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა. 

"მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს უცხოეთში მყოფ თანამემამულეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით და წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში". - ამბობს სააკაშვილი. 

მისი თქმით, მას არ ეშინია დაპატიმრების, რადგან დარწმუნებულია, რომ "ქართველი ხალხი გაითავისუფლების საკუთარ თავსაც და გაათავისუფლებს მასაც". მისივე თქმით, ის მის მარშრუტსა და კონკრეტულ თარიღს მოგვიანებით დაასახელებს. 

"თქვენ იცით, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მე დავდივარ ყველგან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან და არსად არავის კითხვები არ უჩნდება იმ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ჩემზე არის აღძრული საქართველოში. 

მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი გაითავისუფლების საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში. ყველა კონკრეტულ თარიღზე, მარშრუტზე, სატრანსპორტო საშუალებაზე, რაც მე შემეხება, მე ჩაგაყენებთ საქმის კურსზე, როცა ეს ყველაფერი ხელთ მექნება. მე ამას ყველაფერს ვაკეთებ სრულიად გახსნილად, შეგნებულად და მინდა გითხრათ, რომ ჩვენს გამარჯვებას ამჯერად ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა. ისევ განვაცვიფრებთ მთელ მსოფლიოს". - ამბობს სააკაშვილი. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები