ავღანეთი-რუსეთი

პუტინი: რაც უფრო მალე შევა თალიბანი ცივილიზებული ერების ოჯახში, მით მარტივი იქნება საუბარი

ვლადიმირ პუტინი
NBC

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რაც უფრო მალე შევა თალიბანი ცივილიზებულ ურთიერთობებში მეგობარ ქვეყნებთან, მით უფრო გამარტივდება მათთან საუბარი. 

მისი თქმით, რუსეთი არ არის დაინტერესებული ავღანეთის დაშლით და თუ ეს მოხდება, "მაშინ აღარავისთან იქნება სალაპარაკო". 

"რაც უფრო მალე შევა თალიბანი, ასე ვთქვათ, ცივილიზებული ხალხის ოჯახში, მით უფრო ადვილი იქნება კონტაქტი, კომუნიკაცია და გავლენაც".- ამბობს პუტინი.

მისივე თქმით, ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ ავღანეთის მდგომარეობა კატასტროფულია. ის აღნიშნავს, რომ რომელიმე ქვეყნებისთვის დემოკრატიული სახელმწიფო სისტემის ძალით თავს მოხვევა მიუღებელია და თუ რომელიმე ერს დემოკრატია სურს, "ის თავად მივა იქამდე". 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები