კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით 47 წლის ქალი გარდაიცვალა – მან რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა

თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსით 47 წლის მელოგინე გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას კლინიკურმა დირექტორმა, ალექსი ვაჩაიძემ დაუდასტურა. 

როგორც ის ამბობს, ქალი კლინიკაში ქუთაისიდან საკეისრო კვეთის ჩატარების შემდეგ შეიყვანეს - ის ჟანგბადზე სრულად იყო დამოკიდებული და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. ვაჩაიძის ინფორმაციით, 47 წლის მელოგინე ჯერ რეანიმაციაში, შემდეგ კი, ერთი კვირის წინ, მექანიკურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს. ქალი გუშინ, 1-ელ სექტემბერს გარდაიცვალა. 

27 აგვისტოს ბოკერიას კლინიკაში 19 წლის ინფიცირებული პაციენტი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. 25 აგვისტოს მშობიარობიდან მე-3 დღეს 26 წლის ქალი COVID-19-ით გარდაიცვალა. 18 აგვისტოს COVID-19-ს 7 თვის ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა, 19 აგვისტოს კი მელოგინე ქალის - მას კორონავირუსი 8 თვის ორსულს დაუდასტურდა

2 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 81 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 3 212 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ოფიციალურად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 556 909 შემთხვევა, მათგან 502 534 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 563 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 46 786 აქტიური შემთხვევაა. 


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები