აბორტის აკრძალვა

ტეხასი პირველი შტატია, სადაც აბორტის შემზღუდავი ე.წ. გულისცემის კანონი ძალაში შევიდა

ტეხასი ამერიკის პირველი შტატია, სადაც ძალაში შევიდა აბორტის შემზღუდავი კანონი, რომელიც ე.წ. "გულისცემის" კანონის სახელითაა ცნობილი და აბორტს თითქმის ყველა შემთხვევაში კრძალავს. 

კანონის თანახმად, ორსულობის მეექვსე კვირიდან ან ემბრიონის გულისცემის დაფიქსირების შემდეგ, აბორტი აკრძალულია. გამონაკლისად ითვლება მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. გაუპატიურების ან ინცესტის შემთხვევაში, კანონი გამონაკლისს არ უშვებს. 

გარდა ამისა, კანონი კრძალავს აბორტის პროცესში პირდაპირ და არაპირდაპირ ჩართულობას. დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 10 000 დოლარითაა განსაზღვრული.  

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს უზენაეს სასამართლოს კანონის დროებით შეჩერება შეეძლო, თუმცა სასამართლომ თავი შეიკავა და პირველ სექტემბერს ის ძალაში შევიდა. 

უფლებათა დამცველთა შეფასებით, ე.წ. "გულისცემის" კანონი ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ 1973 წელს გამოტანილ განაჩენს "როი ვეიდის წინააღმდეგ" საქმეში, რომლითაც ქალს აბორტის უფლება მიენიჭა. 

კლინიკების წარმომადგენლების თქმით, ქალთა ნაწილმა მეექვსე კვირამდე არც კი იცის ორსულობის შესახებ. აბორტების 80%-ზე მეტი კი ექვს კვირას გადაცილებულ შემთხვევებზე მოდის. 

"კანონი ამბობს, რომ ჩანასახი პიროვნებაა". – განმარტავენ რესპუბლიკელი კანონმდებლები.

ე.წ. "გულისცემის" კანონი 13-მდე შტატის მთავრობამ მიიღო, თუმცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, არცერთი მათგანი ძალაში არ შესულა, გარდა ტეხასისა. 

კომენტარები