აბორტის აკრძალვა

კობახიძე აბორტზე: მზად ვართ, კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე ვიმსჯელოთ

ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე აბორტთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ს განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, მზად არიან, რომ კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებებზე იმსჯელონ.

"აბორტთან დაკავშირებით პატრიარქის ქადაგებას რაც შეეხება [...] ამ თემაზე შიო მუჯირს განცხადება აქამდეც გაუკეთებია, რასაც ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეკლესია აბორტზე განსაკუთრებულ აქცენტს ყოველთვის აკეთებდა. ამას კონკრეტული შედეგებიც აქვს. მაგალითად, სტატისტიკას რომ შევხედოთ, აბორტის მიმართ ეკლესიის ამ დამოკიდებულებას რა შედეგი აქვს: 2012 წელს საქართველოში 39 000-ზე მეტი აბორტი გაკეთდა, შარშანდელი მაჩვენებელი კი 12 000-ზე ნაკლებია. ამ პერიოდში კანონმდებლობა არ შეცვლილა [...] მე ვფიქრობ, ეს იმ ქადაგებების შედეგია, რასაც საზოგადოება სასულიერო პირებისგან ისმენს. აქედან გამომიდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ქადაგება, რომელიც ჩვენ 17 მაისს პატრიარქისგან მოვისმინეთ.

კანონმდებლობას რაც შეეხება - ჩვენ მზად ვართ, შესაძლო ცვლილებებზე ეკლესიასთან, პატრიარქთან, სასულიერი პირებთან ერთად ვიმსჯელოთ. თუ შეიძლება, რომ რაიმე შეიცვალოს, რაც ამ ტენდენციის გაუმჯობესებას დამატებით ხელს შეუწყობს, ამისთვის მზად ვართ". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ცნობისთვის, 17 მაისს, კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ განაცხადა, რომ "თუ ოჯახში ტრიალებს ისეთი მძიმე ცოდვა, როგორიცაა აბორტი, მაგალითად, მაშინ, რა თქმა უნდა, ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი და განწირულია ასეთი ოჯახი".

კომენტარები