აბორტის აკრძალვა

აბორტის აკრძალვის გამო Disney-მ შესაძლოა ჯორჯიის შტატში გადაღებები შეწყვიტოს

Bloomberg

Disney-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ იგერმა თქვა, რომ აშშ-ის ჯორჯიის შტატში მიღებული კანონის გამო, რომელიც აბორტს კრძალავს, შესაძლოა კომპანიამ იქ ფილმების გადაღება შეწყვიტოს.

კომპანია ჯორჯიაში ფილმებს ხშირად იღებს, რადგან შტატში საგადასახადო შეღავათები მოქმედებს. სხვა ფილმებს შორის უკანასკნელ პერიოდში ჯორჯიაში გადაიღეს ბლოკბასტერები "შავი პანტერა", "ადამიანი ობობა" და "შურისმაძიებლების" ბოლო ფილმი.

თუმცა, იგერის თქმით მას შემდეგ რაც კანონი ძალაში შევა მათთვის მომუშავე ბევრ ადამიანს აკრძალვის გამო შტატში მუშაობის სურვილი აღარ ექნება, რისი გათვალისწინებაც მათ მოუწევთ.

ჰოლივუდის ვარსკვლავების ნაწილმა კანონი უკვე დაგმო. მათ შორის არიან ჯეისონ ბეიტმენი, ეიმი შუმერი, ბენ სტილერი და ალეკ ბოლდუინი. კანონის გამო შტატში რამდენიმე ფილმისა და სერიალის გადაღება უკვე შეწყდა და სხვა შტატებში გადაინაცვლა.

კანონს ჯორჯიის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა ბრაიან კემპმა გასულ თვეს მოაწერა ხელი და ის ძალაში პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს. კანონი აბორტს ორსულობის მეექვსე კვირიდან კრძალავს. ე.წ. "გულისცემის" კანონი აბორტს ემბრიონის გულისცემის დაფიქსირების შემდეგ თითქმის ყველა შემთხვევაში კრძალავს. აბორტთან დაკავშირებული კანონები გამკაცრდა კიდევ რამდენიმე შტატში, მათ შორის ლუიზიანასა და ალაბამაში.

კომენტარები