ვაქცინაცია

მსოფლიო პატრიარქი: COVID-19-ზე აცრის შიში სრული აბსურდი და უსამართლობაა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შიში სრული აბსურდი და, ასევე, უსამართლობაა.

"სრული აბსურდი და უსამართლობააა სხვა ადამიანების მხრიდან აცრის შიში. არ არსებობს ამის გონივრული მიზეზი. კვლავ ყველას მოვუწოდებ, არ გადადონ და აიცრან, რათა თავიდან აიცილონ სერიოზული საფრთხეები, რამაც შეიძლება სიკვდილიც განაპირობოს. ჩვენ, როგორც ეკლესია, როგორც რელიგია, განსაკუთრებით მსოფლიო საპატრიარქო, პატივს ვცემთ მეცნიერებას, მეცნიერებს, ახალ აღმოჩენებს და მათ ჩვენს ცხოვრებას ვუსაბამებთ". - თქვა მსოფლიო პატრიარქმა.

ამასთან ერთად, მსოფლიო პატრიარქმა ისაუბრა ანტივაქსერებზეც და მათი ქმედება უსამართლობად შეაფასა.

"ისინი სწორად არ ფიქრობენ, არ ფიქრობენ ლოგიკურად და უსამართლობას სჩადიან როგორც თავიანთი თავის, ასევე სხვების მიმართაც, ვინაიდან ისინი გაუაზრებლად გადასცემენ კორონავირუსს თავიანთ თანამოძმეებს, რაც დიდი საფრთხეა". - თქვა მსოფლიო პატრიარქმა.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი 28 იანვარს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

კომენტარები