საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21-23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა.

21 აგვისტოს ღარიბაშვილს უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი ქალაქ ლვოვში უმასპინძლებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 22 აგვისტოს პრემიერმინისტრი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ღარიბაშვილი ასევე შეხვდება უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს დმიტრი რაზუმკოვს.

"უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ირაკლი ღარიბაშვილისა და დენის შმიგალის პირისპირ შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. საქართველოსა და უკრაინის პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ". – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

23 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომლის ფარგლებში ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

კომენტარები