ეკონომიკა

უმუშევრობის მაღალი დონით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა 

უმუშევრობის მაღალი დონით საქართველო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 59% თვლის, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქართველოში 3.8%-ით გაიზარდა და შვიდწლიან მაქსიმალურ ნიშნულს, 22.1%-ს მიაღწია. 

დასაქმების დონე კი 1%-ით, 40.1%-მდე შემცირდა. 

რეგიონში უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალია, სომხეთსა და თურქეთში ეს მაჩვენებელი ორნიშნა ნიშნულს აღწევს, თუმცა საქართველო მთელი 5%-ით უსწრებს სომხეთის მონაცემებს კი.

  • საქართველო – 22.1%
  • სომხეთი – 17.1%
  • თურქეთი – 13.2%
  • აზერბაიჯანი – 6.2% 
  • რუსეთი – 4.9% 

მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სამუშაო ადგილებს ათასობით ადამიანი დაუბრუნდა და ქვეყნის ეკონომიკა "დუღს". 

"გვაქვს მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შედეგად, ჩვენმა მოსახლეობამ ეს დეპრესიული, ნიჰილისტური დამოკიდებულება შეცვალა. დაიწყო ახალი დოვლათის შექმნა, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა ათასობით ადამიანი. ტურისტების საკმაოდ მძლავრი ნაკადები შემოვიდა ქვეყანაში. მთელი ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები, რომ იტყვიან. ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს, მუშაობს". – თქვა ღარიბაშვილმა. 


 

კომენტარები