NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 59% მთავარ ეკონომიკურ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს, 42% – ინფლაციას

gcn.com

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი, 59% თვლის, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი ეკონომიკური პრობლემა უმუშევრობაა. 

მოსახლეობის 42%-ის აზრით, მთავარ პრობლემას ფასების ზრდა, ანუ ინფლაცია წარმოადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელი ამჟამად 11.9%-იან ნიშნულზეა. 

მოსახლეობის 19% მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად სიღარიბეს ასახელებს, 17% – ლარის გაუფასურებას, 16% – დაბალ ხელფასებს, 12% კი – მაღალ გადასახადებს. 

ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე  მიუთითებს მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის შეფასებაც. გამოკითხულთა 68% თვლის, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ნაკლები რაოდენობის პროდუქტებისა და სერვისების შეძენის შესაძლებლობა აქვს. 

მხოლოდ 2% მიიჩნევს, რომ COVID-19 პანდემიის შემდეგ მათი ფინანსური შესაძლებლობები გაიზარდა. 

NDI

ეროვნულ დონეზეც კი, გამოკითხულთა შორის მოწინავე ადგილს ეკონომიკური საკითხები იკავებს.  

კითხვაზე, რომელი ეროვნული დონის საკითხია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა 41% სამუშაო ადგილებს, 38% – სიღარიბეს, 29% კი ინფლაციას ასახელებს.  

NDI

საველე სამუშაოები 13-25 ივლისს სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 016 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები