ავღანეთი

პელოსი: თალიბანმა უნდა იცოდეს, მსოფლიო მას უყურებს

ნენსი პელოსი
Reuters

"თალიბანმა უნდა იცოდეს, მსოფლიო მას უყურებს". – წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ნენსი პელოსიმ დაგმო თალიბების ქმედებები და საერთაშორისო საზოგადოებას ავღანელი ქალებისა და ახალგაზრდების დახმარებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ღრმად დამწუხრებულები ვართ თალიბანის არაკეთილსინდისიერი მოპყრობით ავღანეთის მოსახლეობის მიმართ, განსაკუთრებით ქალებისა და გოგოების მიმართ. აშშ-მ, საერთაშორისო საზოგადოებამ და ავღანეთის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს თალიბანისგან მათ დასაცავად.

ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაზეც ავღანეთის მთავრობა შეთანხმდება, უნდა მოიცავდეს ავღანელი ქალების მოლაპარაკებების მაგიდაზე დასწრებას. ავღანეთის მომავლისთვის კრიტიკულია ქალებისა და გოგოების ბედი". – ამბობს პელოსი.

აშშ ქაბულში დამატებით 1 000 სამხედროს გზავნის მოსახლეობის ევაკუაციისთვის. ამ წუთებში ქაბულის აეროპორტში ასობით ადამიანი ცდილობს ავღანეთიდან გაქცევას. აეროპორტში ისმის იარაღის ხმაც. აქამდე აშშ-მ ქაბულში 3 000 სამხედრო გააგზავნა.

გუშინ, 15 აგვისტოს თალიბანი ქაბულში შეიჭრა, რის შემდეგაც ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ მიერ ქვეყნის დატოვა. შედეგად, თალიბები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ და მთავრობის დროშა ჩამოხსნეს.

აშრაფ ღანის ხელისუფლებიდან ჩამოგდება თალიბანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.

რამდენიმე საათის წინ, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დროებით მთავრობას ძალაუფლებას მშვიდობიანად გადასცემენ.

CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დროებით მთავრობაში თალიბანისა და პრეზიდენტ აშრაფ ღანის ადმინისტრაციის წევრები შევლენ.

კომენტარები