საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი ისევ ტყუის, რომ 2021 წელს მთავრობას ახალი ვალი არ აუღია

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისევ იმეორებს, რომ 2021 წელს საქართველოს მთავრობას ახალი საგარეო ვალი არ აუღია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

"წელს არათუ ვალი არ აგვიღია დამატებით, არამედ მილიარდ 200 მილიონით გავზარდეთ ბიუჯეტი სულ რაღაც 5 თვის მუშაობის შედეგად. ასე რომ, ამ ტემპს და ამ პოზიტიურ დინამიკას სჭირდება შენარჩუნება. ამის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ დავამარცხებთ პანდემიას. პანდემიის დამარცხება ასე მარტივი არ არის, თუ არ ჩავიტარებთ აცრებს". – თქვა ღარიბაშვილმა საგარეჯოში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე.

ღარიბაშვილმა 26 ივლისს მთავრობის სხდომაზე ასევე თქვა, რომ "წელს არცერთი ლარის, არცერთი თეთრის სესხი არ აგვიღია".

მიუხედავად პრემიერმინისტრის მტკიცებისა და ფაქტების უგულებელყოფისა, 2021 წელს საქართველოს საგარეო ვალდებულებები მილიარდობით ლარით გაიზარდა. 

მაგალითად, 2021 წლის აპრილში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ $500-მილიონიანი ევრობონდები გამოუშვა. საგარეო ვალის საპროცენტო განაკვეთმა 2.75% შეადგინა, რომლის ძირიცა და პროცენტიც საქართველომ 5 წელში უნდა დაფაროს. 

მიუხედავად იმისა, რომ ობლიგაციები ფინანსური ვალდებულებაა და მისი დაფარვა სახელმწიფოს მოვალეობაა, პრემიერი ღარიბაშვილი $500-მილიონიან ვალს ნულ თეთრად აღიქვამს და მის არსებობას არ აღიარებს. 

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, პრემიერმა ისეთი ახალი ხელშეკრულებები და ვალდებულებები იგულისხმა, რომლებიც 2021 წელს დაიგეგმა და გაფორმდა. ევროობლიგაციების რეფინანსირება კი მთავრობის გეგმაში გასული წლიდანვე იყო, შესაბამისად, ის პრემიერის მიერ გაჟღერებულ დამახინჯებული რეალობის სურათში ვერ აღმოჩნდა. 

გარდა ამისა, 10 ივნისს საქართველომ და საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვით, 2021-2023 წლებში საქართველო 483 მილიონი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს მიიღებს. ამ თანხიდან 33 მილიონი ევრო საგრანტო დაფინანსებაა, დანარჩენი 350 მილიონი კი – სესხი.

პრემიერი არც 350-მილიონიანი ვალდებულების გაჩენას ცნობს, რადგან ისიც გრძელვადიანი შეთანხმებების ნაწილი იყო და, მისი ლოგიკის თანახმად, ის 2021 წელს არ უნდა მივაწეროთ. 

პრემიერის სიტყვებს ეწინააღმდეგება თავად ფინანსთა სამინისტროს ანგარიშგებაც.  სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით 2021 წლის პირველ 6 თვეში ფინანსური ვალდებულებების ზრდამ 3.5 მილიარდი ლარი შეადგინა, ანუ ქვეყნის საგარეო ვალი არა ნულით, არამედ მილიარდებით გაიზარდა.

ასევე, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, წლის ბოლომდე 12 თვეში აღებული ვალდებულებების მოცულობა 5.3 მილიარდ ლარს მიაღწევს. ბიუჯეტის თანახმად, წლის ბოლოს სახელმწიფო ვალის საერთო მოცულობა 32 მილიარდი იქნება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 54%-ა.

პრემიერი ღარიბაშვილი კი ბიუჯეტში გაწერილ 3.5 მილიარდი ლარის ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან აქვს აღებული, ნულ ლარად აღიქვამს.

კომენტარები