ლიბია

მაკრონი: მივიჩნევ, რომ დღეს თურქეთი ლიბიაში სახიფათო თამაშს თამაშობს

ემანუელ მაკრონი და ხალიფა ჰაფთარი ბერლინში, 2019 წლის იანვარი
AFP

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით ლიბიაში თურქეთის სამხედრო ინტერვენციას არ მოითმენენ.  უკანასკნელ კვირებში თურქეთი მნიშვნელოვნად ჩაერია ლიბიის კონფლიქტში. თურქეთი ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას ხალიფა ჰაფთარის წინააღმდეგ საბრძოლველად საჰაერო მხარდაჭერით, იარაღითა და მებრძოლებით ეხმარება.

თურქეთის დახმარებით ლიბიის მთავრობამ დედაქალაქში და ქვეყნის დასავლეთით ჰაფთარის ძალების წინააღმდეგ პოზიციების განმტკიცება შეძლო. 

“უკვე მქონდა შესაძლებლობა, პრეზიდენტ ერდოღანისთვის ნათლად მეთქვა, მივიჩნევ, რომ დღეს თურქეთი ლიბიაში სახიფათო თამაშს თამაშობს და ბერლინის კონფერენციაზე აღებული ყველა პასუხისმგებლობის წინააღმდეგ მიდის”. – თქვა მაკრონმა. 

მაკრონმა ლიბიის საკითხი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილა. მაკრონმა მოკლედ ისაუბრა რუსი დაქირავებული სამხედროების როლზე ლიბიაში, თუმცა ყურადღება ძირითადად ანკარაზე გაამახვილა. პარალელურად, თურქეთი აშშ-ს მოუწოდებს, უფრო აქტიური როლი ითამაშოს ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და პოლიტიკური მოლაპარაკებების მიღწევაში.

ოფიციალური პარიზი ჰაფთარის პოლიტიკურ მხარდაჭერაში დაადანაშაულეს, ვინაიდან ის ჰაფთარს ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლაში სამხედრო ძალით დაეხმარა. საფრანგეთი უარყოფს ხალიფა ჰაფთარის მხარდაჭერას, თუმცა აქტიურად აკრიტიკებს თურქეთს. 

2011 წელს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. დედაქალაქ ტრიპოლს საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰაფთარის მხარდასაჭერად რუსეთიდან კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები ჩადიან, რასაც ანკარა არ შეეგუება.

თურქეთი და რუსეთი ლიბიაში სხვადასხვა მხარეს უჭერენ მხარს. რუსეთი არაოფიციალურად ხალიფა ჰაფთარის ძალებს ეხმარება, თუმცა პუტინი უარყოფს, რომ ქვეყანაში დაქირავებული რუსი სამხედროები იმყოფებიან. ერდოღანი კი ირწმუნება, რომ ხალიფა ჰაფთარის ძალების დასახმარებლად ლიბიაში 2,500-მდე დაქირავებული რუსი სამხედრო იმყოფება.

კომენტარები