რუსი მოქირავნეები

რუს დაქირავებულებს ცენტრალურ აფრიკაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაში სდებენ ბრალს

რუსი მოქირავნე (ცენტრში), რუანდელი მშვიდობისმყოფელი მინუსკადან (მარჯვნივ) და ცენტრალური აფრიკის საპრეზიდენტო გვარდიის წევრი (მარცხნივ), 2020 წლის 27 დეკემბერი
France24

CNN-ის მიხედვით, რუს დაქირავებულ სამხედროებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მშვიდობიანი მოსახლეობის წამებასა და დახოცვაში ადანაშაულებენ. 

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2012 წლის შემდეგ სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. რუსი დაქირავებულები ცენტრალურ აფრიკაში დაახლოებით 2017 წლიდან გამოჩნდნენ. ისინი მხარს უჭერენ ცენტრალური აფრიკის მთავრობას. 

CNN-მა ინტერვიუ ჩამოართვა ცენტრალურ აფრიკაში რუსი დაქირავებულების მიერ დაზარალებულ ერთ პირს, რომლის სახელიც, მისივე უსაფრთხოებისთვის, არ გაასაჯაროეს. დაზარალებული ყვება შემთხვევას, როდესაც 2021 წლის თებერვალში ბამბარის დასახლებას რუსი დაქირავებული მებრძოლები და სამთავრობო ძალები დაესხნენ თავს. მათ ერთი სამხედრო ვერტმფრენი მაინც ახლდათ. ისინი დასახლებაში ეძებდნენ აჯანყებულებს, რომლებიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სელეკას სახელით არიან ცნობილი. CNN-ის რესპონდენტმა, რომელიც ბამბარიში იმყოფებოდა, ბავშვებთან ერთად თავი ახლოს მდებარე მეჩეთს შეაფარა. ასე მოიქცნენ სხვა მოსახლეებიც, რადგან ჩათვალეს, რომ აქ უსაფრთხოდ იქნებოდნენ. მაგრამ რუსმა დაქირავებულებმა ცეცხლი მეჩეთში დამალულ მშვიდობიან მოსახლეობასაც გაუხსნეს. დაიჭრა CNN-ის რესპოდენტი და მისი შვილებიც, მაგრამ ისინი გადარჩნენ.

"ისინი რუსები და ცენტრალური აფრიკის შეიარაღებული ძალები იყვნენ. მეჩეთში ერთი სელეკაც (აჯანყებული) კი არ იყო. მათ უბრალოდ მშვიდობიანი მოსახლეები დახოცეს. მკვდარ სელეკას ვერ ნახავდით, მათ ჩვენი ბავშვები დახოცეს". – ამბობს CNN-თან ამბების მომსწრე. ზოგიერთი სხვა მოწმის მიხედვით, შესაძლოა, მეჩეთს თავს ორი სელეკა აფარებდა, თუმცა ორივე შეუიარაღებელი. 

მამბარის მეჩეთის კედელი, რომელიც სროლის შედეგად არის დაზიანებული
CNN

ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებს ეშინიათ, ზოგიერთი მათგანი მაინც საუბრობს უკანონო სიკვდილით დასჯებზე, წამებაზე, გაუპატიურებაზე, სახლების დაწვასა და მოსახლეობის მიმართულებით განურჩევლად სროლაზე. 

ზემოხსენებულ ისტორიას გაგრძელებაც აქვს. როდესაც რუსებმა და ადგილობრივმა სამხედროებმა მეჩეთში დარჩენილ ხალხს შენობის დატოვების ბრძანება მისცეს, გამოსულ ხალხს კიდევ გაუხსნეს ცეცხლი. CNN-ის თქმით, მათ მოიპოვეს გაეროს გასაიდუმლოებული ანგარიშები, რომლებიც ამ ფაქტებს ადასტურებს. 

გაეროს მშვიდობისმყოფელთა ანგარიშში წერია, რომ ცენტრალური აფრიკის შეიარაღებულ ძალებს, ასევე რუს დაქირავებულებსა და გარკვეული სირიული წარმოშობის პირებს ჩადენილი უნდა ჰქონდეთ სამხედრო დანაშაულები, კერძოდ მშვიდობიანი მოსახლეობისა და კონფლიქტს გარეთ მყოფი პირების სიკვდილით დასჯა. 

CNN-ის ცნობით, რუსი კონტრაქტორების მიერ დაქირავებულ სირიელებს ხშირად აგზავნიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. რუს კონტრაქტორებს სირიელი მებრძოლების დაქირავების პრაქტიკა ლიბიის ომში დანერგეს.

გაეროს ანგარიშში წერია, რომ რუსი დაქირავებულები დადანაშაულებულები არიან ძალის გადაჭარბებასა და ისეთი შენობების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში, როგორიცაა მეჩეთები და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკები. 

გაეროს მშვიდობისმყოფელთა ანგარიში, რომელშიც საუბარია რუსი მოქირავნეების სამხედრო დანაშაულებზე
CNN

"მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანმა მოსახლეებმა იქ [მეჩეთში] შეაფარეს თავი, რუსებმა მაინც გახსნეს ცეცხლი. სამი დღის განმავლობაში რუსები გვამების დაბრუნების უფლებას არ გვაძლევდნენ". –  CNN-თან ამბობს ბამბარის მოვლენების მომსწრე ქალი.

კიდევ ერთი მოწმე ყვებოდა, თუ როგორ მოუკლეს 15 წლის შვილი რუსებმა ვერტმფრენიდან სროლის დროს. ბავშვის ნეშტის გამოსატანად მისი ქმარი გაემართა, თუმცა მასაც ესროლეს და დაჭრეს. კაცი 4 დღის შემდეგ გარდაიცვალა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსმა დაქირავებულებმა სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს. 

2021 წლის მარტში 3-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ სირიიდან, საფრანგეთიდან და რუსეთიდან, დაქირავებულ მებრძოლთა ვაგნერის ჯგუფის წინააღმდეგ მოსკოვის სასამართლოში საჩივარი შეიტანა. იურიდიული პროცესი შეეხება სირიელი ტყვის წამებასა და მისი სხეულის დანაწევრების ფაქტს.

2017 წელს გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სირიაში რუსულად მოსაუბრე პირები აწამებენ მამაკაცს, რომელიც სირიის არმიის დეზერტირი იყო, შემდეგ აჭრიან ხელებსა და თავს, ბოლოს კი გვამს წვავენ. მსხვერპლი იყო მუჰამედ ტაჰა ალ ისმაილ აბდალა . ასევე ვიდეოჩანაწერში ჩანდა კიდევ ერთი მოკვეთილი თავი, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა. თავდაპირველად ვერ ხერხდებოდა სამხედრო დანაშაულის ჩამდენი რუსი პირების იდენტიფიცირებაც, თუმცა 2019 წელს რუსულმა გამოცემა Novaya Gazeta-მ ვაგნერის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ვინაობა დაასახელა.

კომენტარები