საქართველოს მთავრობა

ფაქტ-მეტრი: ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მერების ხელფასის შესახებ მცდარია

ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მერების ხელფასების შესახებ მცდარია. ორგანიზაციის ინფორმაციით, მერის ანაზღაურება 1800-2000 ლარს, როგორც პრემიერი ამბობს, არცერთ მუნიციპალიტეტში არ შეადგენს.

"ზოგ მუნიციპალიტეტში მერის ანაზღაურება 2 000 ლარს მხოლოდ მცირედით აღემატება, თუმცა არის მუნიციპალიტეტები, სადაც მერების თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარზე მნიშვნელოვნად მეტია (მაგ: რუსთავი – 3 618, ბათუმი – 3 528, მარნეული – 3 690, ბოლნისი – 3 120, თელავი – 3 100, ოზურგეთი – 3 000 და ა.შ.)

აქედან გამომდინარე, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი". – ნათქვამია ფაქტ-მეტრის დასკვნაში.

9 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 2022 წლის იანვრიდან მთავრობა საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდას დაიწყებს. პრემიერის თქმით, მერების ხელფასების გაორმაგება აქვთ გადაწყვეტილი, რადგან "წარმოუდგენელია მერმა იმუშაოს 2 000 ლარად".

კომენტარები