ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო გენდერულ კვოტებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ევროპული საქართველო პარტიებისთვის სავალდებულო გენდერულ კვოტებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პარტია გენდერულ კვოტირებას ქალთა ემანსიპაციის შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნევს და შესაბამის ამხსნელ ვიდეოს ავრცელებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში ევროპული საქართველოს სარჩელს თავისუფლების ინსტიტუტი წარადგენს. პარტია საკონსტიტუციო სარჩელს სასამართლოში ხვალ, 11 აგვისტოს, 15 საათზე შეიტანს.

2020 წლის 2 ივლისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც მათ შორის, გენდერულ კვოტირებასაც მოიცავდა. ცვლილების მიხედვით, პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის იყოს. კვოტირებას მხარი მმართველმა გუნდმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭირეს. ცვლილებებს ევროპული საქართველო ეწინააღმდეგებოდა, ამას ფარისევლობად აფასებდა.

პარლამენტის ეს გადაწყვეტილმა პარტია გირჩმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა. თუმცა, ორმა მოსამართლემ, თეიმურაზ ტუღუშმა და ირინე იმერლიშვილმა განსხვავებული აზრი გამოხატა

განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად ეცნო სავალდებულო კვოტირების წესი. როგორც მოსამართლეები წერენ, კოლეგებმა საერთოდ არ შეაფასეს, რა გავლენას ახდენს სადავო რეგულირება ხალხის მიერ თავისუფალი არჩევანის რეალიზებაზე. 

კომენტარები