აგვისტოს ომი

პრემიერი: ძალას, რომელმაც ტერიტორიები დაკარგა, პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს ომში პასუხისმგებლობას კვლავ საქართველოს წინა ხელისუფლებას აკისრებს. პრემიერის თქმით, პოლიტიკურ ძალას, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები დაკარგა, არათუ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი, არამედ პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ უნდა ჰქონდეს.

"ვიხსენებთ რა აგვისტოს მძიმე დღეებს, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, თუ რაოდენ გამოუსწორებელი შედეგები მოიტანა აგვისტოს ომმა. ეს უმძიმესი ომი ვერ აარიდა წინა ხელისუფლებამ ჩვენს მოსახლეობას. ვერ დაიცვა ჩვენი ქვეყანა და მაშასადამე, ვერ დაიცვა ჩვენი ხალხი. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ჩვენი ტერიტორიების 20% -ის ოკუპაცია, ე.წ. აღიარების პოლიტიკა, ათასობით ჩვენი მოქალაქის დევნილობაში გადმოყვანა და რაც მთავარია, ძალიან დიდი მოუშუშებელი ტკივილი, ეს არის ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელების, ჩვენი სხვა სამოქალაქო პირების გმირული დაღუპვა ომში. რა თქმა უნდა, ეს იარა არის მოუშუშებელი. ძვირფასო მეგობრებო, ეს მეორეს მხრივ გვახსენებს იმას, თუ როგორი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. მე ადრეც მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ პოლიტიკურ ძალას, მმართველს და ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი უგუნური პოლიტიკით დაკარგავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს, არა თუ უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს რაიმე სურვილი ან მოტივაცია, ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არამედ, მას არ აქვს არავითარი მორალური უფლება, დარჩეს პოლიტიკაში". – თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში მერობის კანდიდატის წარდგენისას.

გუშინ, 8 აგვისტოს პრემიერმა 2008 წლის ომს ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია უწოდა. პრემიერმინისტრის შემდეგ აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

კომენტარები