აგვისტოს ომი

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები აგვისტოს ომის წლისთავზე რუსეთის ქმედებებს გმობენ

2008 წლის აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის ქმედებები.

დახურული სხდომის დასრულების შემდეგ, დეკლარაცია გაეროში სლოვენიის ელჩმა, ონდინა ბლოკარ დრობიჩმა წაიკითხა. მისი თქმით, დეკლარაციას ხელს აწერენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები: დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო და სლოვენია, ასევე, საბჭოს მომავალი წევრი, ლატვია.

17 წელი გავიდა რუსეთის აგრესიიდან და შემდგომში მისი უკანონო სამხედრო ყოფნიდან საქართველოს ტერიტორიებზე – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ გვაჩვენა რუსეთის უფრო აგრესიული დამოკიდებულების დასაწყისი მისი მეზობლების მიმართ. რუსეთმა გააგრძელა ეს გზა უკრაინის წინააღმდეგ უმიზეზო და გაუმართლებელი აგრესიით. 

ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და განგრძობად უკანონო სამხედრო ყოფნას, რაც ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიას, ასევე ფაქტობრივი კონტროლის განხორციელებას და ორი ქართული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერას, საქართველოს ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილების რუსეთისთვის გადაცემას და უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებას.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მიერ განხორციელებულ უწყვეტ პროვოკაციებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევებს და ორი საქართველოს რეგიონის მილიტარიზაციას, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას, მათ ენაზე განათლების აკრძალვას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას მავთულხლართების აღმართვას. ასევე, რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არასანქცირებული ფრენების, რკინიგზისა და საზღვაო კავშირების დამყარებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ. ვიმეორებთ ჩვენს 17 წლის წინანდელ მოწოდებას რუსეთის მიმართ, გააუქმოს ორი ქართული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არ შეუშალოს ხელი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და დაუშვას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი და ჰუმანიტარული ორგანიზაციების შესვლა ორივე რეგიონში

გარდა ამისა, დეკლარაციაში კიდევ ერთხელ გმობენ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბალიას და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობებს და ხაზგასმულია, რომ დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ მსგავსი ტიპის განცხადების ხელმომწერთა შორის არ ფიგურირებდა.

კომენტარები