აგვისტოს ომი

დასავლეთი რუსეთ-საქართველოს ომს 7 აგვისტოს გამოეხმაურა, საქართველოს მთავრობა 8-ში იხსენებს

რუსული სამხედრო კოლონა სამხრეთ ოსეთში. აგვისტო 2008
Reuters

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

საქართველოს მთავრობა აგვისტოს ომის 13 წლისთავს 8 აგვისტოს აღნიშნავს, საერთაშორისო საზოგადოება კი კონფლიქტის დაწყების წლისთავს დღეს, 7 აგვისტოს გამოეხმაურა.

13 წლისთავსავთან დაკავშირებით დასავლეთის მხრიდან დღეს არაერთი განცხადება გავრცელდა.

 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადება:


13 წლის წინ ამ დღეს რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოში შეიჭრნენ, მოკლეს ასობით სამოქალაქო პირი და ათასობით ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება აიძულეს. ახლაც რუსეთის ძალებს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20% აქვთ ოკუპირებული. რუსეთის ფედერაციის ოკუპაციას ტრაგიკული ფასი აქვს ადამიანების სიცოცხლისთვის, განსაკუთრებით Covid-19-ის პანდემიის დროს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის შეზღუდვამ არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა და ეს დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სოლიდარობას ვუცხადებთ და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა ქართული საზოგადოებები გაერთიანდება.

 

საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადება:
 

ცამეტი წლის წინ რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა. მას შემდეგ ათასობით ადამიანი აღმოჩნდა გამოძევებული, დევნილი და გაღატაკებული. ბევრი დაიღუპა.

რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა, მათ შორის ბორდერიზაციამ და საქართველოს მოქალაქეების დაკავებამ უკიდურესი გასაჭირი მოიტანა. ოკუპაციით გამოწვეული ადამიანური პრობლემები განსაკუთრებით გამძაფრდა COVID-19 გლობალური პანდემიის პირობებში. საქართველოს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებაზე წვდომის არსებულმა შეზღუდვამ არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა, და ეს უნდა დასრულდეს. მოქალაქეები, რომლებიც ახლა დაკავებული ჰყავთ საოკუპაციო ძალებს, უპირობოდ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

ჩვენ კვლავ გამოვთქვამთ მხარდაჭერას ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მიმართ და აღვნიშნავთ, რომ გალის IPRM-ი მეტისმეტად დიდი ხანია, რაც შეჩერებულია და ის უნდა განახლდეს.

2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით რუსეთის ვალდებულებები ცხადია: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. აუცილებელია, რომ ასობით ათასმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეძლოს სახლში მშვიდობით და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოში ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ მტკიცეა. ჩვენ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვუერთდებით მათ მოწოდებას, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად გახლეჩილი საზოგადოებები კვლავ გაერთიანდნენ.

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება:
 

დღეს ევროკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 13 წლისთავს აღნიშნავს. კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით ამ რეგიონებში მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას.

ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დაცვას. ეს უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. "ბორდერიზაციის", გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. პანდემიის დროს, ასეთი დარღვევები დამატებით ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რამაც მეტი მსხვერპლი გამოიწვია. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს. გარდა ამისა,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული  მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებით აღიარებულ წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევას უნდა მოჰყვეს სანდო და პასუხისმგებლობიანი გამოძიებები, რათა მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს.

კვლავ სრულად მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით. ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დივიზიის განცხადება:
 

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ 13 წელი გავიდა. რუსეთი კვლავ უარს ამბობს, ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს. რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაამტკიცა. მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება:
 

13 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ. საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციით რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები.

 

ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩუსის განცხადება:
 

13 წლის წინ რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ, ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპაცია, საერთაშორისო ძალისხმევის არაეფექტიანობა ბოლო პერიოდის "დაუსწავლელი გაკვეთილის" ყველაზე მტკივნეული მაგალითია, რომელმაც მოგვიანებით გზა გაუხსნა ყირიმის ანექსიას და მიმდინარე აგრესიას დონბასში.


ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადება:

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს 20% ოკუპირებულია, რუსეთი ახლა საქართველოსა და ევროკავშირს საწინააღმდეგო დეზინფორმაციას ავრცელებს. ევროკავშირი ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისა და დგას ქართველ ხალხთან სრულ დეოკუპაციამდე.

განცხადებასთან ერთად კრამონმა გამოაქვეყნა ორი ფოტო, "როგორ ხედავს რუსეთი საქართველოს" და "როგორ ხედავს ევროკავშირი საქართველოს", პირველ ფოტოზე ჩანს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რუკა, რომელზეც საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეა წარმოდგენილი. მეორე ფოტოზე – "როგორ ხედავს ევროკავშირი საქართველოს" – კი საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია ნაჩვენები.
 


კომენტარები