აგვისტოს ომი

ლიტვა: რუსეთი უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე, აგრძელებს ოკუპაციას

აფეთქებული რკინიგზის ხიდი. კასპი, აგვისტო 2008
Reuters

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავს ეხმაურება. განცხადება სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დივიზიამ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ 13 წელი გავიდა. რუსეთი კვლავ უარს ამბობს, ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს. რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაამტკიცა. მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას". – წერს უწყება.

რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს გამოეხმაურა ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსიც. ლინკევიჩუსი ამბობს, რომ 2008 წელს რუსეთის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ მოგვიანებით გზა გაუხსნა ყირიმის ანექსიას.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები