აგვისტოს ომი

კრამონი: ევროკავშირი დგას ქართველ ხალხთან საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე

ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსეთ საქართველოს ომის 13 წლისთავს გამოეხმაურა.

"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს 20% ოკუპირებულია, რუსეთი ახლა საქართველოსა და ევროკავშირს საწინააღმდეგო დეზონფორმაციას ავრცელებს. ევროკავშირი ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისა და დგას ქართველ ხალხთან სრულ დეოკუპაციამდე." – წერს ევროპარლამენტარი Twitter-ზე.

განცხადებასთან ერთად კრამონმა გამოაქვეყნა ორი ფოტო, "როგორ ხედავს რუსეთი საქართველოს" და "როგორ ხედავს ევროკავშირი საქართველოს", პირველ ფოტოზე ჩანს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რუკა, რომელზეც საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების გარეშეა წარმოდგენილი. მეორე ფოტოზე – "როგორ ხედავს ევროკავშირი საქართველოს" – კი საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია ნაჩვენები.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

 

კომენტარები