ვაქცინაცია საქართველოში

თუ საზღვარგარეთ მოგზაურობა გსურთ – სად და როგორ უნდა აიღოთ ვაქცინაციის ცნობა

ვაქცინირებულ პირებს, საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობის მიღება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის პროვაიდერმა დაწესებულებამ დოკუმენტი უნდა დაადასტუროს ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

ცნობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის თაობაზე მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • ვაქცინირებული პირის პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი;
  • ვაქცინის დეტალები: დოზა, მწარმოებელი, თარიღი;
  • სამედიცინო დაწესებულების დასახელება;
  • ინფორმაცია ჩატარებული COVID-19 ტესტირების შედეგებისა და კვლევის განმახორციელებელი ლაბორატორიის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ამცრელი კლინიკის გარდა, ვაქცინირებულ პირს შეუძლია ცნობა მოითხოვოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, რომელიც ასევე ადასტურებს დოკუმენტს ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

მიმღები ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად, ცნობა შესაძლებელია აპოსტილით დაამოწმოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

"იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ ინახება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში, აპოსტილი შეიძლება დასმულ იქნეს დოკუმენტზე მხოლოდ ამ დაწესებულებებიდან სათანადო ნიმუშების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნის მიღების შემდეგ.

იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებებიდან ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუშების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნა, შეგიძლიათ მიმართოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და მათ მიერ გაცემული ცნობა წარადგინოთ სერვისების განვითარების სააგენტოში.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით აცრის ცნობის აპოსტილით დამოწმების პროცედურა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების QR კოდების ევროკავშირის სივრცესთან მიერთებამდე". – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

კომენტარები