შარლ მიშელის დოკუმენტი

ნათელაშვილი შეთანხმების ანულირებაზე: ეს უკვე ქვეყანაში გაცხადებული დიქტატურის დამყარებაა

ipress

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ქართული ოცნების განცხადებას ეხმაურება, რომლითაც ხელისუფლებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და ამბობს, რომ ოცნებამ კრემლთან შეთანხმებული სცენარით, კიდევ ერთხელ "გადააგდო მთელი საქართველო". 

"საქართველოს ვაი ხელისუფლებამ რამდენიმე წუთის წინ ჩვენს ქვეყანას და მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობას თავზე გადაახია ე.წ. შარლ მიშელის ხელშეკრულება და განაცხადა, რომ არ აპირებენ ხელისუფლებიდან წასვლას საარჩევნო დემოკრატიული ვალდებულებითი გზით. ეს უკვე ქვეყანაში გაცხადებული დიქტატურის დამყარებაა, ეს ის შემთხვევაა, როცა საკუთარი პროგნოზის ახდენა არ უხარია კაცს. სწორედ ამიტომ არ მოვაწერეთ ხელი იმ დოკუმენტს და ამიტომ არ შევედით პარლამენტში, რადგან ზუსტად ვიცოდით, რას მოიმოქმედებდა მამა და მარჩენალი, რომელმაც მთელი საქართველო გადაადგო არაერთხელ, დაწყებული უფასო ფულით და დაგვირგვინებული 150 ფაბრიკა ქარხნით განახევრებული გადასახადებით და ბოდიშიც არ მოუხდია, არც გაწითლებულა და რა თქმა უნდა, არც ამის არ მოერიდებოდა და არ იტყოდა უარს გადაგდებაზე და ძალაუფლების კიდევ ერთხელ შემომტკიცებაზე კრემლთან შეთანხმებული სცენარებით". - ამბობს ნათელაშვილი. 

ის შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ პარლამენტში ჯერ კიდევ მყოფმა ოპოზიციის წევრებმა, დაუყონებლივ უნდა დატოვონ საკანონმდებლო ორგანო. 

"არსებობს რამდენიმე გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, პირველი - უნდა დავიწყოთ დიდი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, ეს რეალობა დადგა ჩვენი თაობის წინაშე და რაც მთავარია, პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ, ვინც კიდევ ოპოზიციად თვლის თავს, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ეს ბოროტებისა და უბედურების სასახლე. ჩვენმა მოკავშირემ ევროკავშირმა და აშშ-მ დაუყოვნებლივ უნდა დააყადაღოს და დააპატიმროს ბიძინა ივანიშვილის ყველა კრიმინალური მილიარდი უკანასკნელ ცენტამდე. დამერწმუნეთ, ეს სამი ფაქტორი ჩვენს ქვეყანაში ძალიან მალე დააყენებს გაზაფხულს და ჩვენ შეიძლება გაქცეული ოლიგარქის გუნდს თვალიც ვერ მოვკრათ, ისეთი სიჩქარე აკრიფონ". - ამბობს ნათელაშვილი. 

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო. 

კომენტარები