ევროპული საქართველო

ბოკერია შეთანხმების ანულირებაზე: ადასტურებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი პანიკაშია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქართული ოცნების დღევანდელი განცხადება, რომლითაც 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოცხადდა, ორ რამეს ადასტურებს.

პირველი იმას, რომ ხელისუფლება პანიკაშია და მეორე იმას, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს. 

"ეს მორიგი უტიფარი განცხადება ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების, ადასტურებს პირველი იმას, რომ პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, უფრო სწორად იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ. მეორე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ მათ სიტყვას ნულის ფასი აქვს. 

რაც ყველაზე მთავარია, ახლა ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ეს ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათო და სამარცხვინო რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებზე და მათ მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ივანიშვილის რეჟიმს ესმის მხოლოდ საზოგადოებრივი ძალის და საერთაშორისო წნეხის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის შიგნით ამ არჩევნებზე წნეხი მოქალაქეების არჩევანით, რასაც მოჰყვება თავისუფალი სამყაროს წნეხი და რაც მიგვიყვანს იმ ამოცანამდე, რასაც ვადამდელი არჩევნები და ამ ძალის ხელისუფლებიდან ჩამოშორება ჰქვია". – ამბობს გიგა ბოკერია. 

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო. 

კომენტარები