კრიპტოვალუტა

კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟის, BINANCE-ის დირექტორი მზადაა, თანამდებობიდან გადადგეს

ჩანგპენგ ჟაო
Binance

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟის, Binance-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ჟაო [CZ] ამბობს, რომ ის მზადაა, თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგეს.

ჟაოს სურს, რომ კომპანიის ლიდერობა იმ პირს გადააბაროს, ვისაც მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს. 

მისი განმარტებით, Binance-ის მიზანია საერთაშორისოდ დარეგულირებული საფინანსო ორგანიზაცია გახდეს და სრულად მოერგოს სხვადასხვა სახელმწიფოების კანონმდებლობებს. 

"ჩვენ ვაპირებთ, რომ გავხდეთ სრულად რეგულირებული ფინანსური ინსტიტუცია. ამ მიზნის მისაღწევად კი მზად ვარ, რომ ჩემი თანამდებობა მეტად გამოცდილ პიროვნებას დავუთმო". – თქვა ჟაომ კონფერენციაზე. 

Binance-ს მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ყოველთვიურად 2 ტრილიონ დოლარამდე მოცულობის ტრანზაქციებს ახორციელებს. 

ივნისში გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა ორგანომ Binance-ი აკრძალა, რაც კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო ნებართვის არქონით იყო განპირობებული. 

"Binance Markets Limited-ს არ აქვს უფლება რეგულირებადი საქმიანობა განახორციელოს დიდ ბრიტანეთში. Binance Group-ის არცერთ შვილობილ კომპანიას არ აქვს ბრიტანეთში საქმიანობისთვის საჭირო ავტორიზაცია ან ლიცენზია". – განმარტავს FCA.

ჩინეთიდან გაძევების შემდეგ Binance Group-მა სათავო ოფისი კაიმანის კუნძულებზე გადაიტანა, თავად ჯგუფი კი რამდენიმე მცირე კომპანიად დაიყო, მათი ოფისები კი სხვადასხვა ქვეყნებშია გადანაწილებული.

აშშ-ს მარეგულირებელი ორგანოს შეფასებით, აღნიშნული ფაქტი თითქმის შეუძლებელს ხდის კომპანიის დარეგულირებას და მისი საქმიანობის გადამოწმებას, სწორედ ამიტომ, აშშ-მ 2019 წელს Binance.com აკრძალა.

აკრძალვის თავიდან არიდების მიზნით, ორგანიზაციამ ახალი შვილობილი კომპანია დააარსა - BinanceUS, რომელსაც სათავო ოფისი სან-ფრანცისკოში აქვს და რომელიც ამერიკული კანონმდებლობითაა დარეგულირებული.

სავარაუდოდ, კომპანია გაერთიანებულ სამეფოსთანაც მსგავს მიდგომას აირჩევს და ახალ შვილობილ კომპანიას დააარსებს, რომელსაც სათავო ოფისი დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში ექნება, BinanceUS-ის მსგავსად.

"ჩვენ ვთანამშრომლობთ მარეგულირებელ ორგანოებთან და კანონმორჩილების ვალდებულებებს ძალზედ სერიოზულად ვიღებთ. ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალყურს ამ ახალ სივრცეში პოლიტიკის, წესებისა და კანონების ცვლილებებს". – წერია Binance-ის გვერდზე. 

 

კომენტარები