მთავარი არხი

ხოშტარია: ოცნებას ვაფრთხილებ – არ გაგივათ, მედიას ფიზიკურად დავიცავთ

ელენე ხოშტარია
კადრი ვიდეოდან

დროას ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლას ეხმაურება. ხოშტარიას შეფასებით, ეს პოლიტიკური რეპრესიების ნაწილია. 

"ტელევიზიაში შევიდა საგადასახადო პოლიცია. ეს, პრაქტიკულად, იყო დაანონსებული რეპრესიული სახით ირაკლი კობახიძის მხრიდან. გარდა იმისა, რომ ეს აბსოლუტურად ნათელია, რომ არის პოლიტიკური რეპრესიების ნაწილი, ეს ხდება ძალიან საშიშ კონტექსტში, მედიაზე დაუფარავი და მიზანმიმართული ძალადობისა და თავდასხმების ფონზე. 

კარგად გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ დავკარგეთ მედია, რაც დაუშვებელია და არ მოხდება, ჩვემ დავკარგავთ აბსოლუტურად ყველა თავისუფლებას. ყველა მინდა, გავაფრთხილო ქართულ ოცნებაში - არ გაგივათ. როგორც ფიზიკურად ვიცავდით და დავიცავთ ამ ქვეყანაში მედიას, ზუსტად ასე ფიზიკურად დავიცავთ ჟურნალისტებს და აბსოლუტურად ყველა მედიას". – ამბობს ელენე ხოშტარია. 

მთავარი არხის ინფორმაციით, ტელეკომპანიის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური დღეს, 27 ივლისს შევიდა. მთავარის ცნობით, ეს არის რიგგარეშე გადაწყვეტილება, რომელიც უწყებამ მიიღო. არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია, რადგან ეს ტელეკომპანიის შემოსავლის წყაროა.   

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კი განცხადებაში ამტკიცებს, რომ სარეკლამო სააგენტოში შესვლა სტანდარტული პროცედურაა და მთავარმა არხმა ეს პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა. 

ნიკა გვარამიას თქმით, ეს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანებაა და, მისი აზრით, სხვა კრიტიკულ მედიებსაც იგივე ელოდება.

"რაღა უნდა მოხდეს მედიის თავს, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, იქნება ეს პოლიტიკური სპექტრი თუ იქნება საერთაშორისო აქტორები, ამ ქვეყანაში მთავრდება სიტყვის მთქმელი ადამიანების სამუშაო ადგილი აღარ იარსებებს ძალიან მალე". – თქვა გვარამიამ. 

ირაკლი კობახიძემ 14 ივლისს თქვა, რომ 3 კონკრეტულ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს და საქმე გამოსაძიებელია. 

კომენტარები