მთავარი არხი

მთავარი არხის თანამშრომლებმა შეტყობინება მიიღეს - 1 მაისიდან მაუწყებლობა სრულად შეწყდება

მთავარი არხი

დღეს, 28 აპრილს მთავარი არხის თანამშრომლებმა ოფიციალური შეტყობინება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, 1 მაისიდან არხის მაუწყებლობა სრულად შეწყდება.

"დასრულდა კიდევ ერთი ეტაპი, მთავარი არხის იმერეთის კორესპონდენტობა. ეს თითქმის 6 წელი იყო რთული, საპასუხისმგებლო, ემოციური, პრობლემებით სავსე, მაგრამ ამავე დროს, ძალიან საინტერესო. დღეს უკვე ოფიციალურად გვითხრეს, რომ ახალი TV ვერ იხსენება, მთავარი არხის საეთერო მაუწყებლობა კი 1-ლი მაისიდან სრულად შეწყდება. მიხარია, რომ ვიყავი ამ გუნდის წევრი და გული მწყდება, რომ ასე დასრულდა" - წერს ირაკლი ვაჩიბერაძე Facebook-ზე.

მიმდინარე მოვლენებს არხის სხვა თანამშრომლებიც ეხმაურებიან. 

"დღეს ის ბოლო იმედიც მოკვდა, რომელიც მთავარი არხის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით მქონდა.

ოფიციალური ცნობა ასეთია: არხი რამდენიმე დღეში გაითიშება და საბოლოოდ დასრულდება ამბავი, რომლიც თითქმის 6 წლის წინ დაიწყო.

მადლობა ყველას, კოლეგებს, რესპონდენტებს და რაც მთავარია თქვენ, მაყურებელს!

განსაკუთრებული მადლობა ჩემს ძმას, გოგას, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჩემი ოპერატორი იყო და ყველა რთულ მომენტში, ღირსეულად მედგა გვერდით!

რთულია მთავარ არხთან გამომშვიდობება მაგრამ ასეთია ცხოვრება, არაფერია მარადიული და ყველაფერს აქვს დასასრული" - წერს გიორგი ახალკაცი.

კოალიცა ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, "დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი", რადგან მისი თქმით, სხვანარად არ და ვერ იქნება.

"დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი. სხვანაირად არ და ვერ იქნება, მჯერა და ვიცი. მთავარია ქვეყანა არ დაიხუროს, თორე მერე გინდა დახურე, გინდა გახსენი, აზრი არ ექნება არაფერს" - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის 27 იანვარს გახდა ცნობილი. კერძოდ, მთავარი არხის განცხადებით, ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ეტაპობრივად ცდილობდა არხის დახურვას, ეთერში აღარ გადიოდა რეკლამა, არხმა ყველა სპონსორი დაკარგა და შეუწყდა რეიტინგების მაჩვენებელთა მიწოდებაც.

15 თებერვალს მთავარი არხის ოფიციალურ ვებსაიტზე განცხადება გავრცელდა, რომ არხის თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი "მთავარ არხს აჩერებს"

"ამ დროისთვის მთავარი არხის ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად" - წერდა მთავარი არხი.

21 მარტს მთავარი არხის დირექტორმა, გიორგი ქურდაძემ განაცხადა, რომ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა, კობა ნაყოფიამ ორი კვირის წინ "მიიტაცეს არხის სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია ნიუ სეილსის ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარის თანხა".

ქურდაძის თქმით, არხის ვალი ამჟამად მთლიანობაში 25 მილიონს აღემატება. 

კომენტარები