მთავარი არხი

მთავარი არხი: ჩვენი გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა

მთავარი არხის ინფორმაციით, ტელეკომპანიის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. მთავარის ცნობით, ეს არის რიგგარეშე გადაწყვეტილება, რომელიც უწყებამ მიიღო. 

არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია, რადგან ეს ტელეკომპანიის შემოსავლის წყაროა.

"მომივიდა შეტყობინება, რომ საგადასახადო ინსპექცია, ამ შემთხვევაში, საგადასახადო სამსახური, შევიდა ჩვენი გაყიდვების სახლში. ეტყობა, ტელევიზიაში ჯერ ვერ გაბედეს, მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა ზუსტად იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ჩვენი შემოსავალი ეს არის. რომ ესმოდეს მაყურებელს, ვინც ჩვენს რეკლამას ყიდის, აი, იმ სახლში შევიდნენ

იქ რომ რამე დააყადაღონ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა, სულ რომ ყველაფერი გამართული იყოს. და ერთი წლის თავზე აღმოაჩინონ, რომ უი, არანაირი დარღვევა არ არის და პირდაპირ ვამბობ, რომ არ არის არანაირი დარღვევა. ჩვენ ვიხდით გადასახადებს". – თქვა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, ეს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანებაა და, მისი აზრით, სხვა კრიტიკულ მედიებსაც იგივე ელოდება.

"რაღა უნდა მოხდეს მედიის თავს, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, იქნება ეს პოლიტიკური სპექტრი თუ იქნება საერთაშორისო აქტორები, ამ ქვეყანაში მთავრდება სიტყვის მთქმელი ადამიანების სამუშაო ადგილი აღარ იარსებებს ძალიან მალე". – თქვა გვარამიამ.

ირაკლი კობახიძემ 14 ივლისს თქვა, რომ 3 კონკრეტულ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს და საქმე გამოსაძიებელია.

კომენტარები