მთავარი არხი

მთავარი არხი: ჩვენი სატელევიზიო მაუწყებლობა საბოლოოდ შეწყდა

მთავარი არხი

"მთავარი არხის" სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა - ინფორმაციას არხი საკუთარ Facebook-გვერდზე ავრცელებს.

როგორც მთავარი არხის განცხადებაში წერია, ამ ეტაპზე მხოლოდ ციფრული დეპარტამენტი - სოციალური ქსელები და ვებ-გვერდი განაგრძობს მუშაობას. 

"5 წელი და 8 თვე აქ მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი მაყურებელი, ქართული საზოგადოება და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა; ღირებულებები, რომელთა გაღრმავებითაც ჩვენ არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ღირსეულ წევრად უნდა დავრჩეთ და გადავრჩეთ; ღირებულებები, რომლებსაც ასე დაუნდობლად ებრძვის და ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს "ქართული ოცნება".

ჩვენც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. ჩვენი არხის არსებობა დაარსების დღიდანვე არ იყო მარტივი. ამ გზაზე გადავიტანეთ უამრავი გამოწვევა, რასაც ბევრი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა. ბევრი წარმატებაც გვქონდა და არც შეცდომებისგან ვიყავით დაზღვეული, თუმცა მათი გამოსწორებისა და არხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის უმძიმესი კრიზისების დროსაც კი არ დაგვიკლია ძალისხმევა. დახურვის პირასაც არაერთხელ ვყოფილვართ ამ წლების განმავლობაში, მაგრამ "მთავარი არხის" თითოეული თანამშრომლის პირადი თავდადებით, თავგანწირვით და ერთგულებით, რიგითი ადამიანებისა თუ ჩვენი პარტნიორების გვერდში დგომით, ზოგჯერ თქვენგან ჩარიცხული თითო ლარით ან, უბრალოდ, გამხნევებით, მაინც ყველა ჯერზე გადავრჩით და წარმოუდგენელ ვითარებაში ვინარჩუნებდით საქართველოს ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული კრიტიკული არხის პოზიციას. იმდენად, რომ, ხშირად, თვითონაც კი გვიკვირდა საკუთარი მოთმინებისა და მიღწევების.

ჩვენ მართლაც შეუძლებელს გავუძელით, მაგრამ, როგორც ეს საქართველოს ისტორიაში, სამწუხაროდ, ბევრჯერ ხდება, ჩვენი ციხეც შიგნიდან გატეხეს, გარე მტერი ვერ მოგვერია. ჩვენ დაგვანგრია სწორედ იმან, ვინც, თავის დროზე, ამ აუღებელი კედლების აშენებაში გვეხმარებოდა. ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი პირადი მიზნებისა თუ შურისძიების გამო დახურვამდე მიიყვანა "მთავარი არხი" და ამით დიდი სამსახური გაუწია რუსულ რეჟიმს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენი ციფრული დეპარტამენტი - სოციალური ქსელები და ვებ-გვერდი განაგრძობს მუშაობას. სატელევიზიო მაუწყებლობის შესანარჩუნებლად ჩვენ არანაირი საშუალება აღარ დაგვრჩა.

დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით და გვისმენდით "მთავარი არხის" გუნდს, რომელიც ნებისმიერ ფასად აგრძელებდა თქვენთვის მუშაობას. კადრში თუ კადრს მიღმა, ჩვენ ისევ ძველი ღირებულებებით განვაგრძობთ ბრძოლას და ყველგან და ყოველთვის მთავარი იქნებით თქვენ, ქართველი ხალხი და ჩვენი საქართველო.

მომავალ შეხვედრამდე" - წერია არხის განცხადებაში.

მთავარი არხის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის 27 იანვარს გახდა ცნობილი. კერძოდ, მთავარი არხის განცხადებით, ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ეტაპობრივად ცდილობდა არხის დახურვას, ეთერში აღარ გადიოდა რეკლამა, არხმა ყველა სპონსორი დაკარგა და შეუწყდა რეიტინგების მაჩვენებელთა მიწოდებაც.

15 თებერვალს მთავარი არხის ოფიციალურ ვებსაიტზე განცხადება გავრცელდა, რომ არხის თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი "მთავარ არხს აჩერებს"

"ამ დროისთვის მთავარი არხის ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად" - წერდა მთავარი არხი.

21 მარტს მთავარი არხის დირექტორმა, გიორგი ქურდაძემ განაცხადა, რომ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა, კობა ნაყოფიამ ორი კვირის წინ "მიიტაცეს არხის სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია ნიუ სეილსის ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარის თანხა".

ქურდაძის თქმით, არხის ვალი ამჟამად მთლიანობაში 25 მილიონს აღემატება. 

 

კომენტარები