ჟურნალისტებზე ძალადობა

ლომჯარია: 5 ივლისის შემდეგ ჟურნალისტების შეურაცხყოფას ყოველდღიური ხასიათი აქვს, საგანგაშოა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მედიის წარმომადგენლების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება. ომბუდსმენის შეფასებით, 5 ივლისის შემდეგ  ჟურნალისტების შეურაცხყოფას ყოველდღიური ხასიათი აქვს, რაც საგანგაშოა.

"საგანგაშოა ბოლო პერიოდში ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისა, ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევების ზრდა, რამაც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდგომ, ფაქტობრივად ყოველდღიური ხასიათი მიიღო.

ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებული და განსხვავებული აზრის მიმართ კიდევ უფრო შეუწყნარებელი გახდა, განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ. სამწუხაროდ, მსგავსი ქმედებების დაგმობის ნაცვლად მათი მხრიდან ხშირად ვხედავთ ჟურნალისტების მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას, საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის შემთხვევების პოლიტიკურ გამართლებას, რაც ახალისებს ძალადობრივ ფონს მედიის წარმომადგენლების მიმართ". –წერს ლომჯარია. 

დღეს, 27 ივლისს მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა და ენმ-ის წევრს, გიორგი კაპანაძეს ინტერვიუს დროს მოქალაქემ ფანჯრიდან წყალი გადაასხა. კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა და უთხრა, რომ მისი საქციელით, ალბათ, იმსახურებდა, ასე მომხდარიყო. 

ასევე, დღეს, 27 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ორკმა ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "ვცდილობ, ბოროტად შესრულებულ ჟურნალისტურ საქმიანობას ხელი შევუშალო". – უთხრა მან მედიის წარმომადგენლებს. 

სოციალურ ქსელში მუქარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს მთავარი არხისა და ფორმულას ჟურნალისტებმა - თათია წოწონავამ და დავით ჭაბაშვილმა. 

შსს-ს ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ 29 ორკია დაკავებული.

ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დააკავეს 25 ორკი. თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 ორკი. 1 კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები.  სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები