მთავარი არხი

ბოკერია მთავარ არხზე: პირდაპირ ამტკიცებს, რომ, მინიმუმ, შენჯღრევის ამოცანა აქვთ

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლას ეხმაურება.

"სამწუხაროდ, ჩვენი ტრადიციის ქვეყანაში ნებისმიერ ვითარებაში როცა საგადასახადო კრიტიკულ მედიაში შესამოწმებლად შედის, იმ პირობებში, როცა დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს, ეს ამბავი ყოველთვის საგანგაშოა ხოლმე. 

ამ კონტექსტში, როცა გამოცხადებული ომი აქვს ივანიშვილის რეჟიმს მისი ამ შავბნელეთის მოციქული ღარიბაშვილის პირით დამოუკიდებელი მედიისა და მთლიანად საზოგადოების თავისუფალი ნაწილის წინააღმდეგ, ასეთ მომენტში არის არა თუ ეჭვი, არამედ პირდაპირი მტკიცებულება, რომ, მინიმუმ, შენჯღრევის ამოცანა აქვთ და ნახავენ, სადამდეც გაუვათ ეს ამბავი". – ამბობს გიგა ბოკერია. 

მთავარი არხის ინფორმაციით, ტელეკომპანიის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. მთავარის ცნობით, ეს არის რიგგარეშე გადაწყვეტილება, რომელიც უწყებამ მიიღო. არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია, რადგან ეს ტელეკომპანიის შემოსავლის წყაროა. 

გვარამიას თქმით, ეს ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანებაა და, მისი აზრით, სხვა კრიტიკულ მედიებსაც იგივე ელოდება.

"რაღა უნდა მოხდეს მედიის თავს, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ, იქნება ეს პოლიტიკური სპექტრი თუ იქნება საერთაშორისო აქტორები, ამ ქვეყანაში მთავრდება სიტყვის მთქმელი ადამიანების სამუშაო ადგილი აღარ იარსებებს ძალიან მალე". – თქვა გვარამიამ.

ირაკლი კობახიძემ 14 ივლისს თქვა, რომ 3 კონკრეტულ ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს და საქმე გამოსაძიებელია.

კომენტარები