კომერციული ბანკები

გაზრდილი სესხები და შემცირებული დეპოზიტები – როგორია ბანკებისთვის პანდემიის მეორე წელი

2021 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, რომელთაგან 14-ში უცხოური ინვესტიციაა ჩადებული. 

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ივნისში, ქართული კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების ოდენობა 55.9 მილიარდი ლარია, რაც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით – 2020-ის ივნისში ეს მაჩვენებელი 49.2 მილიარდი იყო. როგორც ჩანს, პანდემიით გამოწვეული ზიანის აღდგენა საბანკო სექტორში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

ჯამური აქტივების ზრდის მიუხედავად, შემცირებულია კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები. კერძოდ, 1 ივლისის მდგომარეობით, ბანკების დეპოზიტები 762 მილიონ ლარს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 860 მილიონს აღემატებოდა. ეს შეიძლება განპირობებული იყოს მოქალაქეებისა და ბიზნესების ხარჯვისა და ნაკლები დაზოგვისკენ მიდრეკილებით, რაც პოსტ-კრიზისულ პერიოდებს ახასიათებს.

რაც შეეხება ბანკების მიერ გაცემულ სესხებს, პოსტ-კრიზისული ბუმი და ხარჯვისაკენ მიდრეკილება ამ ნაწილშიც ვლინდება – 2021 წლის 1 ივლისისთვის კომერციულ ბანკებს 39 მილიარდ ლარზე მეტი სესხი აქვთ გაცემული, რომელთა 100% შინამეურნეობებსა და ბიზნეს სექტორზე მოდის. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 33.8 მილიარდ ლარს შეადგენდა. 

და ბოლოს, მნიშვნელოვნად, 52%-ითაა გაზრდილი ბანკების გაუნაწილებელი მოგება, რომელიც მიმდინარე წელს 4.7 მილიარდ ლარს შეადგენს, წინა წლის ივნისში კი 3 მილიარდს მცირედით აღემატებოდა.

კომენტარები