კომერციული ბანკები

ბანკები და პანდემია – როგორია სესხებისა და დეპოზიტების მოცულობა 1-ელ აგვისტოს

ეროვნული ბანკის ცნობით, 2021 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ამავე პერიოდისთვის, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საერთო, წმინდა ოდენობა 37.5 მილიარდ ლარს შეადგენს, რომლებიც სრულადაა გაცემული ან შინამეურნეობებისა და საწარმოებისათვის, ან კომერციული ბანკებისათვის. 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, კომერციულ ბანკებს მთავრობისთვის სესხები არ მიუციათ. მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 17%-ითაა გაზრდილი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა ჯამურად გაცემული სესხების საერთო მოცულობა 32 მილიარდ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებს, 2021 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, ბანკების ვალდებულება 35.1 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 19.5 მილიარდი ლარი მოთხოვნამდე, უვადო დეპოზიტია, 15.5 მილიარდი ლარი კი – ვადიანი ანაბარი. ჯამურად, მთავრობას ამ მომენტისთვის კომერციულ ბანკებში 2.5 მილიარდი ლარის დეპოზიტები აქვს განთავსებული. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია დეპოზიტების რაოდენობაც, კერძოდ, 4.5 მილიარდი ლარით. 

2021 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების ჯამი 57 მილიარდ ლარს შეადგენს, ვალდებულებებისა კი - 50 მილიარდს.

 

კომენტარები