აიისას საქმე

ზედელაშვილი: ალტ-ინფოს წევრების მიმოწერა შეიძლება კატეგორიზდეს ნამდვილ მუქარად

დავით ზედელაშვილი/ანანია გაჩეჩილაძე

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ალტ-ინფოს წევრების მიერ ანანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ თავდასხმის ორგანიზებას ეხმიანება. ზედელაშვილი ამბობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრების მიმოწერა შეიძლება კატეგორიზდეს როგორც ნამდვილი მუქარა, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დაცული სფეროდან გამოირიცხება.

"ძალადობრივი ჯგუფის წევრებს შორის ეს მიმოწერა შეიძლება კატეგორიზდეს როგორც ნამდვილი მუქარა, რომელიც გამოირიცხება გამოხატვის თავისუფლების დაცული სფეროდან. რახან არსებული ფაქტები მიანიშნებენ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე, ამ ფაქტზე დამატებითი საგამოძიებო და პრევენციული ზომებია მისაღები." – ამბობს ზედელაშვილი.

დავით ზედელაშვილის განმარტებით, "ნამდვილ მუქარად" კატეგორიზებისთვის აუცილებელი არ არის იმის დამტკიცება, რომ არსებობდა მუქარის შესრულების განზრახვა და საკმარისია ის გარემოება, რომ მუქარა ქმნიდა დამაშინებელ გარემოს და მისი განხორციელების შიში იყო რეალური.

"განმარტებისთვის უნდა დავამატოთ, რომ "ნამდვილი მუქარა" საზოგადოებრივი ღირებულების არქონის გამო გამოირიცხება დაცული "სიტყვის" კატეგორიიდან და კარგავს კონსტიტუციურ დაცვას. ეს ზოგადი კონსტიტუციური სტანდარტი ერთგვარად არ მოქმედებს შეზღუდვის ყველა ფორმაზე/საშუალებაზე. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გზით შეზღუდვაზე მოქმედებს დამატებითი კონსტიტუციური მოთხოვნები. შესაბამისად, მუქარის "ნამდვილობისთვის" ზოგადი კონსტიტუციური სტანდარტის მნიშვნელობით, აუცილებელი არ არის იმის მტკიცება, რომ ავტორს ჰქონდა მუქარის ასრულების განზრახვა. თუმცა, ასეთი განზრახვა აუცილებელი ელემენტი იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის. მუქარის სისრულეში მოყვანის განზრახვის ელემენტი არ არის აუცილებელი "ნამდვილ მუქარად" კატეგორიზაციისთვის, მაშინ როდესაც სხვა მხრივ დგინდება, რომ მუქარა როგორც კონკრეტულ კონტექსტში, ისე ზოგადი სოციალური და პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ქმნიდა ისეთ დამაშინებელ გარემოს, რომ მისი განხორციელების შიში რეალური იყო. (ასეთ დროს შეიძლება გამართლებული იყოს სხვა შეზღუდვები გამოხატვაზე სისხლის სამართლებრივი დასჯის გარდა). თუმცა, მუქარისთვის სისხლისსამართლებრივი დასჯისთვის აუცილებელი იქნება ბრალის ელემენტიც.

შეზღუდვის რა ზომები იქნება გამოყენებული, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ გამოძიების შედეგების მიხედვით, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს". – ამბობს დავით ზედელაშვილი.

პუტინისტური მედია ალტ-ინფო ტელეგრამ არხზე აიისას დამფუძნებლის, ანანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ თავდასხმას აორგანიზებს. ისინი არხზე ანანია გაჩეჩილაძის ადგილმდებარეობას ავრცელებენ და წევრებს მოწოდებებით მიმართავენ – "ვინც ხართ, თქვენ იცით".

გავრცელებულ მოწოდებებს გამოეხმაურა ანანია გაჩეჩილაძე, რომელიც ფაქტს 5-6 ივლისის გაგრძელებად მიიჩნევს.

"ალტ-ინფოს ფეიჯს დავთაგავდი მაგრამ აღარ აქვთ. ესაა 5-6 ივლისის ძალადობის გაგრძელება და მანამდე დაწყებული 10 წლიანი ჯოჯოხეთის შედეგი.

სადმე არ შემხვდეთ მართლა, ლომი ვარ და ტურების ღრენის არ მეშინია. 2013 წლის 17 მაისის პერიოდის ფოტო რომ მოუძებნია, კი, 17 წლის არასრულწლოვანი ვიყავი მაშინ და კი, ცისარტყელას გულსაკიდი მეკეთა". – წერს გაჩეჩილაძე.


აიისამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. გადაწყვეტილების მიხედვით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

2018 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია აიისა 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა.

მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ამ გადაწყვეტილებით, ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის განცხადება დააკმაყოფილა და ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისადა გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა). მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

კომენტარები