აიისას საქმე

ALT-INFO: მუქარის კომენტარებთან კავშირი არ გვაქვს, ტაბულამ და სხვა მედიებმა დაგვაბრალეს

პუტინისტური მედია ალტ-ინფო ტელეგრამ არხზე აიისას დამფუძნებლის, ანანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ თავდასხმის ორგანიზებასთან კავშირს უარყოფს და ტაბულას და სხვა მედიებს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. 

მათი თქმით, ტაბულას რომელიმე ჟურნალისტს და თავად ანანია გაჩეჩილაძეს შეეძლოთ კომენტარის დატოვება, რადგან აღნიშნული ტელეგრამ-არხი ღიაა. 

" ვიდეოების ქვეშ შეიძლება დააკომენტაროს ნებისმიერმა მომხმარებელმა, ნებისმიერი მის მიერ არჩეული ნამდვილი ან ყალბი სახელით და იქ კომენტარებს ალტ-ინფო ისევე ვერ აკონტროლებს, როგორც ფეისბუქზე ან იუთუბზე განთავსებული ვიდეოების ქვეშ მომხმარებლების მიერ დატოვებულ კომენტარებს. ანუ თვითონ ანანია გაჩეჩილაძეს ან ტაბულას რომელიმე ჟურნალისტსაც შეუძლიათ, შევიდნენ ცრუ სახელებით და ამ ტელეგრამ არხზე კომენტარები წერონ. ამიტომ ტელეგრამის ღია არხზე ალტ-ინფოს მიერ განთავსებულ ვიდეოზე გაურკვეველი მომხმარებლის მიერ მუქარის დაწერის ალტ-ინფოსთვის დაბრალება იგივეა, იუთუბზე ალტ-ინფოს გადაცემების ქვეშ დატოვებული უამრავი კომენტარიდან რომელიმე მუქარის შემცველი რომ აღმოჩნდეს და ეს ალტ-ინფოს დააბრალონ.

ალტ ინფოს ადმინისტრაციას არანაირი კავშირი არ გააჩნია იმ მუქარის კომენტარებთან, რომლების სქრინებიც ტაბულამ და სხვა მედიებმა გაავრცელეს და ამიტომ ამ ლიბერალური მედიების სიყალბეზე დაფუძნებული დღევანდელი ისტერიკა მათი უნიჭო ფეიკ ნიუს სტილის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია".- აღნიშნულია განცხადებაში. 


პუტინისტური მედია ალტ-ინფო ტელეგრამ არხზე აიისას დამფუძნებლის, ანანია გაჩეჩილაძის ადგილსამყოფელს ავრცელებენ და წევრებს მოწოდებებით მიმართავენ: "ვინც ხართ, თქვენ იცით".

გავრცელებულ მოწოდებებს გამოეხმაურა ანანია გაჩეჩილაძე, რომელიც ფაქტს 5-6 ივლისის გაგრძელებად მიიჩნევს.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე და იურისტი ედუარდ მარიკაშვილი მიიჩნევს, რომ გაჩეჩილაძის წინააღმდეგ თავდასხმის ორგანიზება ცალსახად უნდა იყოს გამოძიებული და აღნიშნავს, რომ კონტექსტისა და ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გამოძიებამ უსაფრთხოების, ფიზიკური ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვის თვალსაზრისით უნდა დაიწყოს ეფექტიანი რეაგირება.

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ამბობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრების მიმოწერა შეიძლება კატეგორიზდეს როგორც ნამდვილი მუქარა, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დაცული სფეროდან გამოირიცხება.


აიისამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. გადაწყვეტილების მიხედვით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

2018 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია აიისა 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა.

მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ამ გადაწყვეტილებით, ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის განცხადება დააკმაყოფილა და ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისადა გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა). მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

კომენტარები