აიისას საქმე

ანანია გაჩეჩილაძემ მასზე თავდასხმის ორგანიზებასთან დაკავშირებით შსს-ში განცხადება შეიტანა

ანანია გაჩეჩილაძე
FACEBOOK

აიისამ დამფუძნებელმა, ანანია გაჩეჩილაძემ მასზე თავდასხმის ორგანიზებასთან დაკავშირებით შსს-ში განცხადება შეიტანა. როგორც გაჩეჩილაძე FACEBOOK-ზე წერს, იგი მუქარის მონაწილე პირების იდენტიფიცირებას ითხოვს. 

"ვიყავი პოლიციაში, დავწერე განცხადება. მოვითხოვე პირების იდენტიფიცირება. დანაშაულის ნიშნების ხარისხიდან გამომდინარე, უნდა უნდა დაიწყოს საქმის წარმოება ან ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის კოდექსით. მოკლედ, ამ ეტაპზე პოლიციის და პროკურატურის საქმეა, სწორად მიანიჭოს საქმეს კვალიფიკაცია".- წერს გაჩეჩილაძე. 

პუტინისტური მედია ალტ-ინფო ტელეგრამ არხზე აიისას დამფუძნებლის, ანანია გაჩეჩილაძის ადგილსამყოფელს ავრცელებენ და წევრებს მოწოდებებით მიმართავენ: "ვინც ხართ, თქვენ იცით".

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე და იურისტი ედუარდ მარიკაშვილი მიიჩნევს, რომ გაჩეჩილაძის წინააღმდეგ თავდასხმის ორგანიზება ცალსახად უნდა იყოს გამოძიებული და აღნიშნავს, რომ კონტექსტისა და ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გამოძიებამ უსაფრთხოების, ფიზიკური ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვის თვალსაზრისით უნდა დაიწყოს ეფექტიანი რეაგირება.

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ამბობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრების მიმოწერა შეიძლება კატეგორიზებულ იქნეს, როგორც ნამდვილი მუქარა, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დაცული სფეროდან გამოირიცხება.

თავად პუტინისტური მედია ალტ-ინფო მუქარასთან კავშირს უარყოფს და ტაბულას და სხვა მედიებს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს. 


აიისამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. გადაწყვეტილების მიხედვით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

2018 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია აიისა 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა.

მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ამ გადაწყვეტილებით, ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის განცხადება დააკმაყოფილა და ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა). მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

 

კომენტარები