ჟურნალისტებზე ძალადობა

"ჩანს ძარცვა, საქმიანობაში ხელშეშლა" – მთავარმა არხმა წულუკიანზე POG-ს მიმართა

მთავარი არხი/კადრი ვიდეოდან

მთავარმა არხმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურას მიმართა.

"ქალბატონი წულუკიანის საქციელზე კომენტარი ძალიან მიძნელდება, მისგან მოულოდნელი არაფერი არ მეგონა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ეს ადამიანი, როგორც მის უკან მდგომი ორკების მთავრობა, არის ყველაფერზე წამსვლელი. ეს ფაქტი არ არის სასაცილო, ეს ფაქტი არის ძალიან სახიფათო და პირდაპირი სიგნალი, რომ იწყება მედიაზე ძალადობრივი ზემოქმედების ახალი ტალღა და ხელისუფლება ამაში, როგორც ჩანს, მარტო არ იქნება.   

დღეს შეგვაქვს განცხადება პროკურატურაში, თავისი წყალგაუვალი მტკიცებულებებით, სადაც ჩანს როგორც ძარცვა, ასევე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. ამავე კადრებში ჩანს პოლიციელების მიმართ სრულიად აბუჩად ამგდები დამოკიდებულება, სადაც წულუკიანი ამბობს, ის ვიღაცები, ვინც გამოიძახეთ, საერთოდ არ მაინტერესებსო. ეს ვიღაცები არიან პატრული და კრიმინალური პოლიცია. ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუციების სრულ ჩამოშლასთან და საქართველოს, როგორც საერთაშორისო აქტორის სახის სრულ დაკარგვასთან და ჩამოშლასთან. დარწმუნებული ვართ, ეს ხდება შეგნებულად, რომ დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა და არცერთ კარზე არ შეეძლოს დაკაკუნება, გარდა რუსეთისა". - ამბობს ნიკა გვარამია. 

22 ივლისს თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და არ დაუბრუნა. ჟურნალისტ ემა გოგოხიას ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თეა წულუკიანს, რომელმაც მიკროფონი წაართვა, ვერ მიუახლოვდებიან. წულუკიანი ამბობს, რომ მიკროფონს მაშინ დააბრუნებს, როცა "როცა ესენი 3 ოქტომბერს ჩაიყრებიან იქ, სადაც მათი ადგილია".

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს. მისი თქმით, ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

კომენტარები