ჟურნალისტებზე ძალადობა

წულუკიანი: მიკროფონს დავაბრუნებ, როცა ესენი, 3 ოქტომბერს ჩაიყრებიან იქ, სადაც მათი ადგილია

მიკროფონი წავართვი და მივუშვირე და ვუთხარი, თქვი-მეთქი: ბიძინა ივანიშვილს გამარ... არაო, არ ვიზამო, მე ამასო და მოდით ახლა ჩვენ გავაკეთოთ ეს. ემა, სად ხარ? ემაა!.. ალბათ გვარამიას ეკითხება, რა ვქნა ახლა, მიკროფონი დავკარგეო. ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას გაუმარჯოს და მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ. ტყუილად ჰყავთ იქ ვიღაცები გამოძახებული, როცა ესენი სამ ოქტომბერს დილით, აი, ესენი სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი; როცა დამარცხდება ძალა, რომელიც დღემდე ეჭიდავება საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას და მის მომავალს

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი სიტყვით გამოსვლისას მას შემდეგ, რაც მან მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და არ დაუბრუნა. 

მთავარი არხის ჟურნალისტის, ემა გოგოხიას ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თეა წულუკიანს, რომელმაც მიკროფონი წაართვა, ვერ მიუახლოვდებიან. ტაბულა გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა, სადაც თქვეს, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე დაგვიკავშირდებიან. 

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს. მისი თქმით, ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

კომენტარები