ჟურნალისტებზე ძალადობა

გვარამია წულუკიანს: მივმართავთ პროკურატურას ძარცვისა და საქმიანობის ხელშეშლის გამო

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს. 

მისი თქმით, ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

"ეს არ არის ჯანსაღი ადამიანის საქციელი, სამწუხაროდ, მიწევს ამაზე საუბარი, მაგრამ მე უფრო მანაღვლებს ის, რომ ეს არის საქართველოს სახე - მთავრობა მთელი შემადგენლობით და პირველი ვიცეპრემიერი განსაკუთრებით. ეს საქციელი არის ორი დანაშაულის შემცველი: ერთი - ეს არის ძარცვა, პირდაპირ, ღია ძარცვა და მეორე - ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობის ხელშეშლა. ორივე ერთად საკმაოდ ბევრ წელს ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ქალბატონო წულუკიანო, ჩვენ მივმართავთ აუცილებლად პროკურატურას ამ მიკროფონის ძარცვისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის გამო. ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა ეს მიკროფონი და, ჯობს, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნოთ".- ეუბნება გვარამია მთავარ არხს და აღნიშნავს, რომ დანაშაულის ხანდაზმულობა გავრცელდება იქამდე, როცა წულუკიანი მინისტრი აღარ იქნება. 

"ნამდვილად არ გისურვებთ, რომ საკუთარი წლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატაროთ, მით უმეტეს, ასეთი კომიკური მიზეზით". - მიმართავს გვარამია თეა წულუკიანს. 

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სენაკის რეაბილიტირებული თეატრის გახსნაზე მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და ამბობს, რომ მის დაბრუნებას არ აპირებს. 

"ემა, ახლა რომ დაგსჯიან, ხომ იცი? ე.ი. ეს ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ემა გოგოხია აღარაა ფორმულას ჟურნალისტი. ემა, მოდი, აბა, თქვი, ბიძინას გაუმარ... აი, მიკროფონი ჩემია. დაუკარით ტაში ემას!"- მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტს და შემდეგ მთავარი არხის მიკროფონით სცენაზე ავიდა. 

მთავარი არხის ჟურნალისტის, ემა გოგოხიას ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თეა წულუკიანს, რომელმაც მიკროფონი წაართვა, ვერ მიუახლოვდებიან.

ტაბულა გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა, სადაც თქვეს, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე დაგვიკავშირდებიან. 

კომენტარები