ჟურნალისტებზე ძალადობა

"მოვიკითხავ, რა მოხდა" – გომელაური წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევაზე

ვახტანგ გომელაური
საქართველოს მთავრობა

"სიმართლე გითხრათ, ახლა მომახსენეს ეს თემა" - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კითხვას, რომელიც კულტურის მინისტრის მხრიდან ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას ეხებოდა.

"მე არ მინახავს, რეალურად რა მოხდა. აუცილებლად მოვიკითხავ, დაზუსტებით ვერ გეტყვით, ზუსტად რა მოხდა. მითხრეს, რომ შემოვიდა შეტყობინება ამ ფაქტზე. მომახსენეს ეს, სანამ შემოვიდოდი სტუდიაში, გავერკვევით აუცილებლად" - თქვა გომელაურმა ღამის კურიერის ეთერში.

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სენაკის რეაბილიტირებული თეატრის გახსნაზე, მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და ამბობს, რომ მის დაბრუნებას არ აპირებს. 

"ემა, ახლა რომ დაგსჯიან, ხომ იცი? ე.ი. ეს ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ემა გოგოხია აღარაა ფორმულას ჟურნალისტი. ემა, მოდი, აბა თქვი, ბიძინას გაუმარ... აი, მიკროფონი ჩემია. დაუკარით ტაში ემას!"- მიმართა წულუკიანმა ჟურნალისტს და შემდეგ მთავარი არხის მიკროფონით სცენაზე ავიდა. 

მთავარი არხის ჟურნალისტის, ემა გოგოხიას ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თეა წულუკიანს, რომელმაც მიკროფონი წაართვა, ვერ მიუახლოვდებიან. ტაბულა გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა, სადაც თქვეს, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე დაგვიკავშირდებიან. 

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს. მისი თქმით, ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

კომენტარები