ეკონომიკა

მთავრობა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის წარუმატებელ სტრატეგიას გააგრძელებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის რეფორმა მთავრობის სტრატეგიის მიხედვით გაგრძელდება, რომელიც საწარმოებისა და კომპანიების კაპიტალის ბაზარში ჩართვას ითვალისწინებს. 

"სახელმწიფო საწარმოებმა უნდა შეძლონ ფუნქციონირება დამოუკიდებლად, უნდა მოხდეს მათი კორპორატიზაცია და ეს უნდა მოხდეს კაპიტალის ბაზრის რეფორმის შესაბამისად, ანუ მათი აქციები აუცილებლად უნდა ივაჭრებოდეს საფონდო ბირჟაზე". – თქვა ხუციშვილმა.

მიუხედავად მთავრობის წევრების მტკიცებისა, რომ მათი სტრატეგია უკვე წარმატებულია, რეალობა განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს. 

უკვე ხუთი თვეა, რაც საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ შემდგარა და, შესაბამისად, საშუალო თვიური ბრუნვა 0 ლარს შეადგენს

სულ 2021 წლის განმავლობაში საფონდო ბირჟაზე 8 გარიგება შედგა, რომელთა საერთო ღირებულებამ 2 453 ლარი შეადგინა. 

კაპიტალის ბაზრის არასახარბიელო მდგომარეობის გარდა, არანაკლები წარუმატებლობით გამოირჩევა მთავრობის მიერ ინიცირებული სახელმწიფო კომპანიების საჯარო აუქციონებზე გაყიდვის ტალღაც. 

15 აპრილს კიდევ ერთხელ წარუმატებლად დასრულდა საჯარო აუქციონი, სადაც საპრივატიზაციოდ 10 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო კომპანიები იყო გამოტანილი. 

აღნიშნულ აუქციონზე 9 კომპანიიდან მხოლოდ ერთის, შპს თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის 100%-იანი წილი გაიყიდა 268 000 ლარად. 

მთავრობა ასევე წარუმატებლად ცდილობს ე.წ. რიყის დოქების აუქციონზე გაყიდვას, რომლითაც მეოთხე ცდაზე, 50%-იანი ფასდაკლებითაც კი არცერთი ინვესტორი არ დაინტერესებულა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბაზაში ამჟამად 100-მდე სახელმწიფო საწარმოა დარეგისტრირებული, რომელთა უდიდეს წილებს არა კაპიტალის ბაზარი, არამედ თავად სახელმწიფო აკონტროლებს, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება საწარმოების ეფექტურობაზე. 

აღნიშნული საწარმოების უმეტესობა ზარალზე მუშაობს, თუმცა დაფინანსებას ბიუჯეტიდან მაინც იღებს. 

ხუციშვილის თქმით, კაპიტალის ბაზრის განვითარება და კომპანიების აქციების საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ხელს შეუწყობს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. თუმცა მთავრობა საწარმოების წილების გაყიდვას არა საფონდო ბირჟის, არამედ აუქციონის მეთოდით ცდილობს. 

საინტერესოა ისიც, რომ გამართულ აუქციონებზე კომპანიების თითქმის 100%-იანი წილები იყიდებოდა, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაშია საფონდო ბირჟების პრინციპთან, რომელიც კომპანიების წილების არა ერთ, არამედ მრავალ მეპატრონეზე გადანაწილებას გულისხმობს. 

მინისტრის თქმით, მთავრობა განახლებულ სტრატეგიას რამდენიმე კვირაში წარადგენს, რომელიც გააგრძელებს არსებული სტრატეგიის "წარმატებულ" გზას. 
 

კომენტარები